LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგა ქაშიბაძე: მახსოვს შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცმა ორივე თვალი დაკარგა – ეს არ არის გასართობი ან სათამაშო საშუალება, რომელსაც ოჯახში ბავშვებს მიუტანთ

198
ქაშიბაძე  და პიროტექნიკა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ​ის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკისგან მიღებული დაზიანების 25-ამდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ქაშიბაძემ რადიო „ფორტუნას“ განუცხადა, ძალიან ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის არათუ გამოყენება, გაყიდვაც აკრძალულია, ამდენად, ქაშიბაძე გვირჩევს, საერთოდ უარი ვთქვათ ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე, მით უფრო, იმ შემთხვევაში, თუკი სახლში ბავშვები გვყავს.

„წელს დაახლოებით 25 შემთხვევა გვქონდა. საბედნიეროდ მძიმე შემთხვევა არ დამდგარა, 25-ვე ამბულატორიული შემთხვევა, ანუ დამწვრობა იყო. პიროტექნიკის გამოყენებისას არ არსებობს რაიმე მექანიზმის იმისთვის, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მექანიზმი არის ის, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ.

ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე საერთოდ აკრძალულია და შესაბამისად, ვერც შეიძენთ და ვერც გამოიყენებთ, ეს ერთი საკითხი. და მეორე, რაც მინდა, რომ ვთქვა – ეს არ არის გასართობი ან სათამაშო საშუალება, რომელსაც ოჯახში მიიტანთ და მითუმეტეს ბავშვებს მიუტანთ,“- განუცხადა „ფორტუნას“ გუგა ქაშიბაძემ და უკანასკნელ წლებში, პიროტექნიკის გამოყენებით მიღებული ყველაზე მძიმე შედეგი გაიხსენა:

„მახსოვს შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცმა ორივე თვალი დაკარგა. ასევე, მახსენდება შემთხვევა, როცა მამაკაცმა ერთ მტევანზე ოთხი თითი დაკარგა, მეორეზე კი 2. ასე, რომ თქვენს მკითხველს ვურჩევ საერთოდ უარი თქვან, პიროტექნიკის გამოყენებაზე,“ – გვითხრა გუგა ქაშიბაძემ.