გუდაურში კურორტის განვითარების გეგმის ფარგლებში სასტუმროებისა და საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს.
კურორტის მიწათსარგებლობისა და განვითარების გენერალური გეგმა სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავა.
გეგმა მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტები, მოთხილამურთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვარე გეგმა და სხვა.
განვითარების გეგმის პირველი ეტაპი მოიცავს 2400 მეტრიანი, 6 კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას და ორ საჩოჩიალოს.
განვითარების გეგმის შესაბამისად, უნდა გასამმაგდეს სასრიალო ტრასების სიგრძე და საწოლი ადგილების რაოდენობა 16,000-მდე გაიზრდება.
დოკუმენტი მოიცავს გუდაურის, როგორც ოთხსეზონური კურორტის, განვითარების კონცეფციას. ამ მიზნით, დაპროექტდა კურორტის განვითარების ხედვასთან თავსებადი ზამთრის და ზაფხულის ობიექტები და აქტივობები, ასევე განისაზღვრა ოპტიმალური ადგილმდებარეობები.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ გუდაურს ეწვევა და კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.
პირველი ვიცე–პრემიერი მოინახულებს როგორც საბაგიროს, ასევე სასტუმროების მშენებლობის პროცესს.