LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

31

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:

თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.
ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

დიდთოვლობის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ100-კმ173 (ლახამულა-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ138-კმ173 (მესტია-კალა) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.