რუსეთი საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში ომისთვის ერაყისგან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
RPG-ები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ისევე როგორც ბრაზილიური დიზაინის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებები, რუსეთში ერაყიდან გაიგზავნა. თეირანის ხელისუფლებამ ირანული წარმოების Bavar 373 სარაკეტო სისტემა რუსეთს საჩუქრად გადასცა.
იარაღით ვაჭრობის შავი ხვრელის გამოყენება რუსეთის სტრატეგიის დრამატულ ცვლილებაზე მიანიშნებს, რადგან მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ირანს, სამხედრო მოკავშირეს სირიაში, უკრაინის შეჭრის შედეგად გამოწვეული ახალი სანქციების შემდეგ.
მოვლენებს ასევე დიდი გავლენა აქვს იარაღის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებასა და მოცულობაზე.
Guardian-ის ინფორმაციით, სარაკეტო ყუმბარები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები 26 მარტს, სალამჯას სასაზღვრო პუნქტით ირანში გადაიტანეს, სადაც ისინი მიიღეს ირანელმა სამხედროებმა და რუსეთში ზღვით გადაზიდეს.
სამმა სატვირთო ხომალდმა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ასეთი ტვირთი, გადაკვეთა კასპიის ზღვა ირანის პორტ-ანზალიდან ასტრახანში, რუსეთის ქალაქ ვოლგის დელტაზე.
თუ პუტინის რეჟიმი დესტაბილიზაციას განიცდის, ეს დიდ გავლენას მოახდენს ირანზე, განსაკუთრებით სირიაში, სადაც დამასკო დამოკიდებულია რუსეთის საჰაერო მხარდაჭერაზე, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი კონფლიქტი ისრაელთან.
გასულ კვირას უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა საქართველო რუსეთისთვის სანქცირებული სამხედრო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულეს, რაც კიდევ ერთი ნიშანია კრემლის ახალი ძალისხმევის მასშტაბისა, გამოიყენოს საერთაშორისო კონტრაბანდის ქსელები უკრაინაში ომის დასახმარებლად.
უკრაინის დაზვერვის თანახმად, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინსტრუქციები ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩაერიონ კონტრაბანდის არხებში “აღმოსავლეთ აზიიდან”, რომლებიც შექმნილია დასავლეთის ახალი სანქციების გვერდის ავლით.
ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეტენზიები უსაფუძვლოა.
როგორც Guardian-ი წერს, ურთიერთობები ორ პოსტსაბჭოთა ერს შორის ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა საქართველოს “პრორუსული მთავრობის გამო”, რომელმაც მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.