უკრაინული მედია, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი გაიდაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში, რუსმა სამხედრო ძალებმა აზოტის მჟავის რეზერვუარს ცეცხლი გაუხსნეს.
სერგეი გაიდა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები, შენობები და დახურულ მდგომარეობაში ჰქონდეთ კარები და ფანჯრები.
„აირწინაღი აზოტის მჟავას აორთქლებისგან დასაცავად გამოიყენება. გთხოვთ, სველი სახის ნიღბები მოამზადოთ“, – განაცხადა გაიდაიმ.
როგორც უკრაინული მედია Ukrinform-ი იუწყება, აზოტის მჟავა საშიშია ჩასუნთქვისას, გადაყლაპვისას, კანთან და ლორწოვან გარსთან შეხებისას. სუსტმა მოწამვლამ შესაძლოა ბრონქიტი, მსუბუქი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა და ძილიანობა გამოიწვიოს. უფრო მძიმე მოწამვლამ, შესაძლოა, ფილტვის შეშუპება გამოიწვიოს.