მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საზოგადოებას მოუწოდებს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მეუფე სოციალურ ქსელში წერს და მრევლს რჩევებს აძლევს.
„მოგვიახლოვდა კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სულ მალე ყველა ერთად გადავწყვეტთ, თუ როგორი იქნება ქვეყნის განვითარება უახლოესი ოთხი წლის მანძილზე. ვესაუბრები ადამიანებს, ვეცნობი კვლევებს და გული მტკივა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უარს ამბობს არჩვენებში მისვლასა და მონაწილეობაზე. ერთი მხრივ, მესმის მათი, იმედგაცრუება, რაც წლების მანძილზე დაგროვდა, მაგრამ ეს არ ამართლებს გულგრილობას, გულგრილობას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე.
ათწლეულების მანძილზე მიჩვეულები ვიყავით, რომ არსებობდა ერთადერთი – ,,კომუნისტური პარტია“, ერთი იდეოლოგიით, პროგრამით, გეგმით- რომელიც ყველა არჩევნებში უპრობლემოდ იმარჯვებდა, შემდეგ, უეცრად გაჩნდა ათობით პარტია, რადიკალურად განსხვავებული ხედვებით, ხალხით, მიდგომებით და დავიბენით. დღემდე დაბნეულები ვართ. არადა, თავისუფლება სწორედ არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს. მოქალაქე, რომელიც იძულებულია რომ ყველა არჩევნებში ერთადერთ პარტიას მისცეს ხმა, შეუძლებელია თავისუფალი იყოს. წლებია, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა სირცხვილად იქცა და ჩვენი მოქლაქეები კვლავ სიამაყით აცხადებენ, რომ ხმას ,,არცერთ პარტიას არ აძლევენ.“ ეს საამაყო ნამდვილად არაა.
უფლის მადლით, წლების მანძილზე ათენში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. ეს გახლავთ ქალაქი, რომელმაც საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და კულტურული ცნობიერების გარდა, პოლიტიკური სისტემა- დემოკრატია აჩუქა სამყაროს. დიახ, ჩვენ მიერ ხშირად ნახსენები ფრაზა დემოკრატია (Δημοκρατία) ორ სიტყვიანი ბერძნული კომპოზიტია (δήμος-ხალხი და κράτος, ,,ძალა“, ,,ძალაუფლება“) და აღნიშნავს მმართველობის იმ მოდელს, რომელშიც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები საკუთარი ქალაქისა თუ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შემთხვევით არ მიხსენებია ტერმინი ,,მოქალაქე“. ათენში მცხოვრები ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც – მოქალაქე (Πολίτης), ასევე, განცალკევებით მდგომი, მარტოდ მყოფი (ιδιώτης). ყველა მოქალაქე ვალდებული იყო მისულიყო არჩევნებში და ხმა მიეცა, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსა თუ ქალაქის განვითარებაზე ფიქრობდნენ, გული შეტკიოდათ და პასუხისმგებლობა ჰქონდათ, ეს განასხვავებდათ მათ განცალკევებით მდგომთაგან, მესაკუთრეებისგან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ და სახელმწიფოს ბედი არ ანაღვლებდათ. ჩვენ მოქალაქეები ვართ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ.
მოქალაქე ვალდებულია თავისი ქალაქისა თუ სახელმწიფოს სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩართული, აზრზს გამოთქვამდეს, თუნდაც არჩევანში ცდებოდეს კიდეც, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბოდეს. ესაა მთავარი, ეს უნდა გავიაზროთ.
არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება, პირიქით, ვალდებულები ვართ ყველა, რომ სახელმწიფოსა და ღმერთს შესაბამისი საზღაური მივაგოთ, როგორც ეს თავად მაცხოვარმა დაგვიბარა.
და ბოლოს, თუკი ჩემი, რიგითი ეპისკოპოსის სიტყვები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ არჩევნებზე მისვლა გადაგეწყვიტათ, გთხოვთ გამოჩენილ და გამორჩეულ ქართველს, ჩვენი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ ილია მართალს (ჭავჭავაძე) მოუსმინეთ:
,,იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.
გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ.“
გთხოვთ, მიბრძანდით არჩევნებზე, აიღეთ თქვენს თავზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გააკეთეთ არჩევანი წრფელი სინდისითა და სხვათა ძალდატანების გარეშე, დაიცავით უსაფრთხოების ნორმები და დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს!“,-წერს მელქისედეკი.