არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა ტრაგედიაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„ვხვდებით, რომ განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა. ვიმსჯელებთ ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნა. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, ერთის თქმა შემიძლია, რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს. თუმცა, ეს თემა განიხილება ჟენევის დისკუსიების ფორმატში, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოც, სამხრეთ ოსეთიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოძიება დასრულდეს და ყველა კითხვა მოიხსნას,“ – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
კითხვაზე, გრძნობს თუ არა რუსეთი მომხდარზე პასუხისმგებლობას, კარასინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მსგავსი სამწუხარო ფაქტები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.
„ინტერვიუ გვაქვს, თუ გამოძიება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად ტრაგედიაა. ჩვენ არ გვსურს, ასეთი სამწუხარო ფაქტები მომავალში განმეორდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და რამდენადაც ვხვდები, ამ თემაზე პირდაპირი საუბარი მიმდინარეობს საქართველოსა და ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის,“ – განაცხადა კარასინმა.