“ვინ გკითხავთ თქვენ, იუსტიციის საბჭოს წევრს, რა შეკითხვას დავსვამ მე-ჟურნალისტი”, – ასეთი კითხვა დაუსვა ინგა გრიგოლიამ, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრად მისულ იუსტიციის საბჭოს წევრს ევა გოცირიძეს.
გრიგოლიამ თან დასძინა, რომ ეს კითხვა არ არის შეურაცხმყოფელი და ის გოცირიძეს პირდაპირი შინაარსით უნდა გაეგო. საუბარი გადაცემაში “ციანიდის საქმეზე” გრიგოლიას მიერ დასმულ მწვავე კითხვებს ეხება.
ევა გოცირიძემ, გრიგოლიას ასეთი პასუხი გასცა:
“მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მოვუსმინე თქვენს გადაცემას და ჩავთვალე, რომ ასეთი შეკითხვის დასმა არ არის სწორი – გამიჩნდა უარყოფითი აზრი და გავუზიარე კოლეგებს. მე გეკითხებით თქვენ, მაქვს თუ არა ამის უფლება?”.
ინგა გრიგოლიამ განმარტა, რომ როგორც მოქალაქეს მას ამის უფლება ჰქონდა, თუმცა როცა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, ერთ-ერთი წევრი აკეთებს განცხადებას, რომ ჟურნალისტი სასამართლოს უწყობს ობსტრუქციას, ეს უკვე არის პოზიცია.
გოცირიძემ კი განაცხადა, რომ როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს, ამ განცხადების გაკეთების არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც ჰქონდა.
“მე ვარ მართლმსაჯულების წარმომადგენელი და არა მხოლოდ მაქვს ამ აზრის თქმის უფლება, არამედ ამის ვალდებულება მაქვს, რადგან უნდა ვიდგე მართლმსაჯულების ინტერესების სადარაჯოზე. თუ მიმაჩნია, რომ ეს კითხვა არასწორია, მე უნდა ვთქვა, რომ არასწორია”, – აღნიშნა გოცირიძემ.
ევა გოცირიძემ ისიც განმარტა, რატომ ჰქონია ციანიდის საქმეზე დასმული ინგა გრიგოლიას კითხვები არასწორი. გოცირიძის თქმით, არ არის მიზანშეწონილი, განხილვის პროცესში კონკრეტულ საქმეზე საზოგადოებისთვის გარკვეული წარმოდგენის და განწყობის შექმნა. იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, საზოგადოებას ამის გამო უნდობლობა უჩნდება.