ერთი თხოვნა მაქვს, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება. ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია, არც დიპლომატია, არც პოლიტიკოსია და არც ქართველი არ არის, რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს. ერთი თხოვნა მაქვს, რომ ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.