LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძე მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს ამნისტიას ჰპირდება

60

გამოვაცხადებთ ამნისტიას, შეძენა-შენახვისა და მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ვინც კიდევ ციხეშია , – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძემ ხელისუფლების მიერ უკვე გაწვეული კანონპროექტი სამედიცინო მარიხუანის კულტიცავიის შესახებ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ეწინააღმდეგება. ვაშაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში შეიტანს შესწორებას, რომ საქართველო არ გახდეს “ნარკოპლანტაცია”, ხოლო ხელისუფლება — “ნარკობარიგა”.

„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას და ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ საქართველო არასდროს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა.არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით არ გაამდიდროს ვიღაც. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა მათ შორის ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ჩვენი პარტნიორების, „რესპუბლიკური“ პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველსავე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვასა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ვინც დღეს კიდევ ციხეშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მადლობა გადაუხადეს საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერისთვის.

“ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი, ეს ომი მოსაგებია ტყვიის გარეშე, გასროლის გარეშე მოვიგებთ ამ ომს და საქართველო შეცურავს დიდ ოკეანეში. მას ეყოლება შესანიშნავი პრეზიდენტი, გონიერი, პროფესიონალი დიპლომატი, ჩვენ უარს ვეუბნებით საქართველოს რენეგატ სალომე ზურაბიშვილს,“ – განაცხადა პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა.

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ოპოზიციის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ. მან არჩევნებში, ოპოზიციის მიერ აღებულ ხმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ქუთაისში ამდენი ხმა არასდროს მიუღიათ.

„ეს არ არის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის, ეს არის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის,“ – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები არ იმართება.

„დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა რუსული პროექტის საბოლოო დასამარებისათვის და ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ აქ არ ვირჩევთ მხოლოდ პრეზიდენტს, ჩვენ სერიოზული ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ რუსულ იმპერიას,“ – აღნიშნა ბობოხიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამომრჩეველს ხვდება.