„გოთუას 12-ში მშენებლობა არ გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება გეოლოგების კვალიფიციური დასკვნა მორღვეული კედლის გამაგრებისა და მშენებლობის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე,“ – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა.
გოთუას N12-ში მიმდინარე მშენებლობისას კლდე გუშინ ჩამოიშალა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კლდე შლას განაგრძობს და აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ჩატარდეს გეოლოგიური კვლევა. ამასთან, ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ მშენებლების მიერ წარმოდგენილი კვლევის დასკვნას და მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალისტები გადაწყვეტენ, რომ მშენებლობა დასაშვებია და ის საფრთხეს არ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას,“ – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.