გორში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საბანაძის ხელმძღვანელობით მოზარდის მკვლელობის საგამოძიებო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში გორში ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.
კახა საბანაძის განცხადებით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.
„აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ,“ – განაცხადა საბანაძემ.
გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.
უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 2010 წელს დაბადებული გოგონა გუშინ მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.