გორში მამამ 42 წლის შვილი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი „გორმედის“ კლინიკაში 30 იანვარს 23:18 წუთზე შეიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ კლინიკა „გორმედში“ განუცხადეს, პაციენტს გულ-მკერდის, მუცლის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები აქვს. მათივე ცნობით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაჭრილი კაცის მამაა დაკავებული. მათივე ცნობით, მამამ შვილს ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.