LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: ახლა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ძალიან გვწყინს – გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას, მაგრამ არა დღეს

865
BeFunky-collage (6)

“იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია, რომელიც ჩვენ ყველაზე ახლო მეგობრად მივიჩნიეთ, ნამდვილად ძალიან გვწყინს. შეიძლება ეს არის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი“, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე ინტერვიუში, გონჩარენკო ამბობს, რომ ელჩის გაწვევა უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენებაა, რომ ისინი ძალიან უკმაყოფილო არიან საქართველოს ხელისუფლების პოზიციით.

მისივე თქმით, ვერ ხვდებიან, რატომ არ სურს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, როცა „რუსეთისგან საქართველოც იტანჯება და მისი 20 % ოკუპირებულია“.

„ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და პირველ რიგში მას შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით. საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს და ეს ძალიან უცნაურია. საქართველოც იტანჯება რუსეთის ფედერაციისგან. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვერ ვხვდებით, რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას სანქციებთან შეერთება. პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვეს კიდეც.

მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტიიდან. ომის დროს უკრაინაში ოპოზიცია არ არსებობს, ჩვენ ყველა ვიბრძვით უკრაინისთვის და გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაგრამ არა დღეს. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

გავიხსენოთ 2008 წელი, იმ მომენტში, როდესაც თბილისს რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, რათა გვერდში დადგომოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს. ახლა კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულიად სხვა მიდგომას ვხედავთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი ყველა თვალსაზრისით: მორალურად, სტრატეგიულად და ასე შემდეგ.

უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ჩვენ ვართ GUAM-ის ძირითადი წევრები: საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა. არსებობს ასოცირებული ტრიო მოლდოვასა და საქართველოსთან.

იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, საქართველოს ხელისუფლების ეს პოზიცია, რომელიც ჩვენ ყველაზე ახლო მეგობრად მივიჩნიეთ, ნამდვილად ძალიან გვწყინს. შეიძლება ეს არის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი“, – განაცხადა რადას დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.