LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა – შეუძლებელი“

222
Untitled design

პარლამენტში დეპუტატები ინტერპელაციის წესით დაბარებულ შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ. ვახტანგ გომელაური 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიებებზე საუბრობს.

გომელაური: შოვში, სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო 

როგორც გომელაურმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ტრაგედიის ფონზე, არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება გაჟღერდა. მან ვერტმფრენებითა და დრონებით დაკარგულების ძებნის ოპერაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ „მიწის ქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია“.

„ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა.

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია, რომ ადამიანი მიხვდეს, ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, პირველივე საათებში მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ უვნებლად იყვნენ გამოყვანილები უსაფრთხო ადგილას, რისთვისაც, მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმითვე, „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს,  ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო“.

„გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით. ვერტმფრენი „მი-8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. გომელაური, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.