მრავალი წელია ქართველი მორაგბეები ახარებენ გულშემატკივარს და მას შემდეგ დღენიადაგ ერთი რამეზე ვოცნებობთ – ევროპელმა ბობოლებმა გვაღიარონ და თუ თავიდან ტესტ-მატჩები გვიხაროდა, მერე და მერე ექვს ერში გაწევრიანების პრეტენზია გაგვიჩნდა.
წლევანდელი შემოდგომის ერთა თასი ბოლომდე ოცნების ასრულება ვერ არის, მაგრამ მაინც უდიდესი გარღვევაა. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა და მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ადგილი დავიკავეთ, ამ ტურნირში მონაწილეობის მნიშვნელობა მაინც არ კნინდება.
საქართველო გაერია იმ საზოგადოებაშიი, საითქენაც მიილტვოდა.
ახლა კი რჩება მთავარი – ვაჩვენოთ საკუთარ თავსაც და ყველას, რომ ჩვენი ამბიცია ფუჭი არ არის და მათთან დატოლება თუ არა, გვარიანად შერკინება შეგვიძლია და ისევ არ გავუქროთ ჩვენთან დაჭიდების სურვილი.
8 ერის პირველი მატჩი ბორჯღალოსნებს ექვსი ერის მოქმედ ჩემიონ და პლანეტის უძლიერეს გუნდთაგან ერთ-ერთთან ინგლისთან მოუწია და როგორც მოსალოდნელი იყო წააგო – 0:40.
ანგარიში აშკარად არ ასახავს სასურველ რიცხვებს. 0 ქულა უკვე ძალიან ცუდია. ცუდია კიდევ ის, რომ ქართველ მორაგბეებს მცდელობა არ დაუკლიათ, ჩვეულად ჯიგრიანადაც იბრძოლეს, შერკინება ფაქტობრივად არც დაგვითმია, მაგრამ როცა გოლიათთან დააჭიდება გიწევს აბა იქ რა ძალამ უნდა გაჭრას.
ნეტა მართლა ამხელა სხვაობაა ჩვენსა და დიდ რაგბს შორის?
მინიმუმ იმის თქმა შეიძლება, რომ სასწავლი ჯერაც ბევრი გვაქვს და დისტანცია ნამდვილ ევროპასთან უნდა შევამციროთ, ამისთვის კი სწორედ მთავარ გუნდებთან თამაშია საჭირო და არა ერთა თასზე ადგილის ტკეპნა.
14 ნოემბერი. ლონდონი. თვიქენჰემი
ინგლისი – საქართველო 40:0
საქართველო
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგიკვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო სვანიძე (*), 10. თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (2 კეპი), 5. გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი), 6. ბექასაღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), 8. ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა);
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსოყაულაშვილი (1 კეპი), 19. ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი); 21. ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), 22. სანდრო თოდუა (86 კეპი, 65 ქულა), 23. გიორგი ჯავახია (2 კეპი).
„ეს ტურნირი მთლიანი პროცესია, სადაც ხდება გუნდის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მოთამაშეების ეტაპობრივი შემოდინება. ამას ჭირდება ბალანსი და გონივრული სინთეზი“ – ეს მატჩამდე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა თქვა და რთულია არ დაეთანხმო. ტურნირს როგორც ერთ მთლიანს უნდა შევხედოთ და საერთო ჯამში შევაფასოთ საქართველოს ადგილი ევროპაში.
კიდევ ჩვენი კაპიტნის მერაბ შარიქაძის სიტყვებია აღსანიშნავი, რომელიც ასეთ ტურნირზე თითოეული წუთით სიამოვნების მიღებას რომ ეხება. უბრალოდ ერთი ისაა, რომ რთულია ისიამოვნო იმ მატჩით, როდესაც ქულასაც ვერ აიღებ და დიდი სხვაობით აგებ, თუნდაც ინგლისთან.
„ეს დიდი ბედნიერებაა, თუმცა რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ მეტოქეს რაიმე კომპონენტში დავჩაგრავთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე შოტლანდიასთან და საფინალო სასტვენის შემდეგ, როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, ასევე გუნდმა ზუსტად ვიცოდეთ, რომ ვართ უკეთესები ვიდრე თამაშის დაწყებამდე. ეს არის ის იშვიათი გამოცდილება, რომლის თითოეული წამით უნდა დავტკბეთ მოთამაშეები და გულშემატკივრებს ვაჩუქოთ დაუვიწყარი სიხარული. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დღეს ყოველთვის კარგად გავიხსენებ”.
მომდევნო მატჩებს საქართველო თითო კვირიანი ინტერვალით კიდევ ორ ევროპულ ბობოლასთან გამართავს.
21 ნოემბერი. პარკ სქარლეთი. უელსი – საქართველო
29 ნოემბერი. ავივა. ირლანდია – საქართველო