ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა.
ანრი ჯოხაძე:
ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით ვიდექი დარბაზში. ცხოვრებაში ვისწავლე, რომ ნებისმიერი მიმართულებით, რისგანაც შეიძლება ადამიანი რაღაცას ელოდოს, არაფერს ველოდები, ასე უფრო კარგია ცხოვრება.
წელს „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია ჩემი სიმღერა „ცივი ნოემბერი“. მელოდია მეკუთვნის მე, ლექსი – ნიკა ჩერქეზიშვილს. კლიპი, როგორც ყოველთვის, თავად გადავიღე.
ფაქტობრივად, ამ კლიპს ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს, მათ შორის რადიო „ფორტუნას“ საიტზეც. კარგია, როდესაც შეთავსებულია არცთუ ცუდი მომღერალი, ლამაზი სიმღერა და ფანტასტიკური ლექსი. ძალიან მადლობელი ვარ ნიკა ჩერქეზიშვილის.
რაც შეეხება ჩემს ფავორიტს „ოქროს ტალღაზე“, ის ისევ ჩემი გაკეთებული სიმღერაა. მოულოდნელად გავარდა ეს სიმღერა, არ იყო გასაჰიტებლად გათვალისწინებული. ეს არის გიორგი გასვიანისა და ლიზა ყენიას მიერ შესრულებული „იმღერე რამე“. ჩავწერეთ „პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემისთვის. ამ დუეტს ვგულშემატკივრობ. „ცივი ნოემბერი“ არ გამიზიარებია ჩემს გვერდზე, ვაზიარებ მხოლოდ გიორგისა და ლიზას ნამღერს.
ყოველთვის მივესალმები მსგავს ღონისძიებებს. ამ ქვეყანაში არაფერი კეთდება შოუბიზნესისა და გართობის მიმართულებით, ძალიან ცოტაა ასეთი პროექტი. „ოქროს ტალღა“ კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს.
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“