მექსიკელი გოგონა კარლა ხასინტო 4 წლის განმავლობაში 43,200-ჯერ გააუპატიურეს. CNN-ის ინფორმაციით, კარლას მსგავსად მექსიკაში ათობით ათასი გოგონა იტანჯება.
მექსიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი ტენანსინგო პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის მთავარი წერტილია. ტენანსინგოში თავს პროსტიტუციით ირჩენენ და როგორც CNN წერს, ეს მათი „ინდუსტრიაა“.
კარლა ხასინტო ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ იგი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირველად 5 წლის ასაკში გახდა, ნათესავმა გააუპატიურა. 12 წლისა კი ტერფიკინგის მსხვერპლი გახდა.
ხასინტო მეტროსთან თავის მეგობრებს ელოდებოდა, როცა მასთან მივიდა ტკბილეულის გამყიდველი ბიჭი და უთხრა, რომ ვიღაცამ კარლასთან საჩუქრად კანფეტი გამოატანა. 5 წუთის შემდეგ კი გოგონასთან მივიდა მამაკაცი და კარლას სიმპათიის მოპოვება შეძლო. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მამაკაცმა და ხასინტომ ტელეფონის ნომრები გაცვალეს, 1 კვირის შემდეგ კი გოგონას დაურეკა და მანქანით ქალაქგარეთ გასეირნება შესთავაზა.
ხასინტომ მასზე 10 წლით უფროს ბიჭთან შეხვედრა დაიწყო, ერთ დღესაც სახლში გვიან მივიდა და დედამ კარი არ გაუღო. მომდევნო დღეს საცხოვრებლად საყვარელ მამაკაცთან გადავიდა.
„მას ვუყვარდი, მყიდულობდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ყვავილებს, შოკოლადს, ძალიან ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ,“ – ამბობს კარლა.
გოგონას თქმით, ბიჭი სახლში მარტო ხან მთელი კვირის განმავლობაში ტოვებდა, მისი ნათესავები კი ყოველ კვირას სხვადასხვა გოგონასთან ერთად ჩნდებოდნენ. როდესაც კარლა დაინტერესდა, რა ბიზნესით იყვნენ ისინი დაკავებული, მეგობარმა ბიჭმა არ დაუმალა და უთხრა, რომ მისი ბიძაშვილები სუტენორები იყვნენ.
ამის შემდეგ კი პროსტიტუციაში კარლაც ჩააბეს. გოგონასთვის 4 წლიანი ჯოჯოხეთი დაიწყო. მას აიძულებდნენ, გუადალარახაში, მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში „ემუშავა“.
„ვიწყებდი დილით 10 საათზე და ვამთავრებდი შუაღამისას. დღეში 30-მდე კლიენტს ვისტუმრებდი. კაცები დამცინოდნენ, როდესაც მე ვტიროდი, თვალები დახუჭული მქონდა, რომ არ დამენახა, რას აკეთებდნენ. არაფერს ვგრძნობდი,“ – ამბობს ხასინტო.
კარლა სხვა რამდენიმე ქალაქშიც ამუშავეს. „მეგობარი ბიჭი“ მას სისტემატურად ცემდა, აწამებდა, უთოთი წვავდა. გოგონა მისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.
ერთ დღესაც სასტუმროში, სადაც კარლა „მუშაობდა“, პოლიცია შევიდა და იქიდან ყველა მომხმარებელი გაყარა. სასტუმრო დახურეს. კარლამ იფიქრა, რომ ეს მისთვის ბედნიერი დღე იყო და პოლიციამ სხვა გოგონებთან ერთად გადაარჩინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ახალი კოშმარი დაიწყო – პოლიციელებმა გოგონები ოთახებში შეათრიეს, მაკომპრომატირებელი ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ ჩანაწერებს ოჯახებს გაუგზავნიდნენ, თუ მათ ყველა სურვილს არ შეასრულებდნენ. გოგონებს შორის 10 წლის ბავშვებიც იყვნენ, კარლა კი მხოლოდ 13 წლის იყო.
15 წლის ასაკში ხასინტომ სუტენორისგან ბავშვი გააჩინა. მამაკაცი კარლას შვილის მოკვლით ემუქრებოდა, თუ მას არ დაემორჩილებოდა. დაბადებიდან 1 თვის შემდეგ ბავშვი მამამ წაიყვანა და კარლას 1 წელზე მეტ ხანს მისი ნახვის საშუალება არ ჰქონია.
კარლა ხასინტომ თავი საბოლოოდ 2006 წელს, მეხიკოში ანტიტრეფიკინგული ოპერაციის დროს დაიხსნა, ამ დროს გოგონა 16 წლის იყო.
ახლა იგი 23 წლისაა, ადვოკატია და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ იბრძვის. საკუთარ ისტორიას კარლა კონფერენციებსა და სახალხო შეკრებებზე ჰყვება. ხასინტომ მძიმე წლების შესახებ ივლისში, ვატიკანში, რომის პაპსაც უამბო, მანამდე კი წარსდგა აშშ-ს კონგრესის წინაშეც.
კარლა ცდილობს, ყველას გააგებინოს, რომ მექსიკასა და სხვა ქვეყნებში უამრავი გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლია და მათ მძიმე განაჩენს მთელი მსოფლიო უნდა შეებრძოლოს.