“გზა ნათელია, საკმაოდ იოლიცაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მომავალ წელს გვექნება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!”, – ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას ძმა – გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჟვანია აღნიშნავს, უკრაინელთა თავგანწირვამ და რუსეთიდან მომავალმა საფრთხემ ევროპის ქვეყნები გამონაკლისის ხასიათზე დააყენა და საქართველოს მოულოდნელი სასიამოვნო პერსპექტივა გაუხსნა ევროინტეგრაციის გზაზე, ამისთვის კი პატარა, მოკლეხნიანი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი:
“უკანასკნელი 34 წლის მანძილზე მივეჩვიე, რომ ნებისმიერ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ისტერიულ ვნებათაღელვად იქცევა ჩვენს ქვეყანაში.
არც ევროკავშირის კანდიდატის საკითხია ამ მხრივ გამონაკლისი, გაივსო მედია და ინტერნეტსივრცე ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვებით, სხვათა შორის ამ ურთიეთძაგებაში გართულ ადამიანებს ალბათ არც კი წარმოუდგენიათ, რომ ევროკავშირში ადამიანის სიტყვიერი შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია და სოლიდურ ფულად ჯარიმასთან ერთად შეიძლება პირობითი პატიმრობაც კი გამოიწვიოს, მაგალითად გერმანიაში ქართული გაგებით “უწყინარი” მიმართვა “საქონელო” შეიძლება 600 ევრო დაგიჯდეთ, ასე რომ “ჩვენს ქართველობას და ტრადიციებს” კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება ევროპაში )))
მაგრამ დავუბრუნდები კანდიდატის სტატუსს.
რეალურად, რომ არა უკრაინის ომი, უახლოეს წლებში საქართველოს ნამდვილად არ გააჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა, რაც გამოწვეულია, ჩვენი პოლიტიკური ელიტის, მათ შორის როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით, თუნდაც ბოლო გასაოცარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ ჩვენგან რუსეთთან ომის დაწყებას ითხოვდნენ ამის ნათელი მაგალითია. მოკლედ უკრაინელთა თავგანწირვამ და რუსეთიდან მომავალმა საფრთხემ ევროპის ქვეყნები გამონაკლისის ხასიათზე დააყენა და მოულოდნელი სასიამოვნო პერსპექტივა გაგვიხსნა ევროინტეგრაციის გზაზე, უბრალოდ პატარა, მოკლეხნიანი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი.
ასე რომ, გზა ნათელია, საკმაოდ იოლიცაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მომავალ წელს გვექნება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი!”, – წერს გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში.