სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, დაკავებული სოსო გოგაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს მისი დახმარებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე, მურუსიძესთან შეხვედრებზე, სასამართლოში არსებულ სქემებსა და მისი თქმით „გადამალულ ქონებებზე“.
„ლევან მურუსიძეს ვიცნობ 1995 წლიდან. იგი გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით, კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი საკონტაქტო პირები „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე.
ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა, უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე იუსტიციის საბჭოსთან.
ასევე, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროში აქვთ 100 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს.
ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ.
ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში. როდესაც ხდებოდა მოსავლის (მარცვლეული) აღება და რეალიზაცია, მათ ჩემი დაცვის წევრი რეალიზაციისგან მიღებულ თანხას, დაახლოებით 150 000 – 200 000 ლარს აწვდიდა ხან საცხოვრებელ სახლში – ძეგვში, ხან სასამართლოსთან – დიღომში, ზოგჯერ თანხის ასაღებად მურუსიძე თავად მოდიოდა ჩემთან სახლში. მოკლედ მურუსიძეს ჩემთან და ჩემი დაცვის წევრთან, სამხარაძესთან ჰქონდა აქტიური ურთიერთობა.
ჩემი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ ჩემი საქმე დაელაგებინათ, მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც.
ჩემო მურუს, ახლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი“, – წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ აპირებს, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართოს.
მურუსიძემ გოგაშვილის მხრიდან მუქარაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას გოგაშვილმა შეუთვალა: „შემომითვალა, თუ მის მიმართ არ იქნება დახმარება, წავა სასამართლოს დისკრედიტაციის ნიაღვარი“.