აჭარაში, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობა დაიწყო.
როგორც „ფორტუნას“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ხუთვარსკვალვიანი სასტუმროს მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროექტში 100-მდე ადამიანი დასაქმდება.
კომპლექსში მოეწყობა: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა.
საძირკველში სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა „ალიანს ჯგუგის“ მართველ პარტნიორ გიორგი ბიწაძესთან ერთად ჩააგდეს. მშენებლობის დაწყებით, კურორტზე საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
კურორტ გოდერძიზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.