გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვითი სამუშაოები დასრულდა. ღონისძიების მონაწილე მხატვრებს დღეს ქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და მათთან ერთად დაათვალიერა ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოხატული კედლები. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერის განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელი დასუფთავდა, მოწესრიგდა განათება და უახლოეს პერიოდში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.
„დასრულებულია გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა. ყველაფერი მოწესრიგებულია. ერთადერთი რაც დარჩა გასაკეთებელი ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს არის სათვალთვალო კამერები, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს ამ აქციაში მონაწილეობა. ჩამოსულები იყვნენ ასევე უცხოელი მხატვრები და მათაც ძალიან ლამაზი ნახატები აჩუქეს თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა, კახა კალაძის ინიციატივით, 18 ნოემბერს დაიწყო.