LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გმირები და ქართული ფეხბურთი ცოცხალია: საქართველომ დამაჯერებლად მოიგო

38

საქართველომ ფეხბურთში ლამაზად და უპრობლემოდ მოიგო. მართალია ამხანაგური მატჩი იყო და არც თუ ძლიერ მეტოქესთან, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. შეთამაშებისთვის, განწყობის ასამაღლებლად თუ საკუთარი ძალების რწმენისთვის მშვენიერია.

ხშირი არ არის შემთხვევა, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ერთდროულად კარგ ფორმაში ხვდებიან სანაკრებო მატჩებს. ახლა სწორედ ეს პერიოდი დაემთხვა. უცხოეთში მოთამაშე ჩვენები ერთმანეთის მიყოლებით უკეთესად თამაშობენ: გვილია, ქვილითაია, ყაზაიშვილი, კაკაბაძე – სტაბილურად და კარგად თამაშობენ კაშია და კვირკველია, ცუდად სულაც არ მისდით საქმე პაპუნაშვილს და ჩაკვეტაძეს, ასევე ძირითადში არმყოფ კაჭარავას თუ მერებაშვილს ან დვალს (არ დაგვავიწყდეს ხოჭოლავაც). მოკლედ, ბიჭები ფორმაში არიან, მეტოქე ხელსაყრელი (ანუ ძლიერი არა), პლუს პატრიოტული მოტივაცია (არჩილ ტატუნაშვილი – თამაში სწორედ გმირის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყო) და ყველაფერი მზად იყო მოსაგებად.

საქართველომ პირველი ტაიმი ისე მოიგო ჩვენს ისტორიას ხშირად რომ არ ახსოვს – ოთხი უპასუხო გოლი 45 წუთში ქართველ ქომაგს სასიამოვნო სიზმარში თუ დაესიზმრება. 1997 წლის 30 მარტს, თბილისში ამხანაგური მატჩი რომ მოვუგეთ სომხეთს 7:0, მაშინ მეორე ტაიმში 5:0 იყო. ოღონდ იმ გუნდში ქინქლაძე და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ (3 გოლი შოთამ გაიტანა). ასეა თუ ისე ბევრი გოლი ერთ ტაიმში – უკვე რეალობაა. ჩვენებს ლამის ყველაფერი გამოსდიოდათ, ლიტველებს კი არაფერი. იღბალიც აშკარად ჩვენსკენ იყო.

პირველი გოლი პაპუნაშვილმა მრავალსვლიანი მშვენიერი კომბინაციის შედეგად გაიტანა. მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა.
მეორე გოლი ქვილითაიას ანგარიშზეა. თუმცა შესაძლოა ბურთი მეტოქეს მხარსაც შეხებოდა. ნებისმიერ ვარიანტში ჩვენი ფორვარდი მაგრად კი ახტა და ლამაზი გოლი გამოვიდა.


მესამე გოლი ყაზაიშვილის ანგარიშზეა. აქ უფრო მარტივადაა საქმე. ვაკომ პენალტი შეაგდო, მაგრამ ვაღიაროთ, თავად ეს პენალტი საკამათო ვითარებაში დაინიშნა. რომც არ დაედო მსაჯს, ალბათ არც არავინ გააპროტესტებდა.
მეოთხე გოლი დებიუტანტ ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. გვილიას გადაცემა მიიღო (არ არის გამორიცხული გვილია ყაზაიშვილზე აპირებდა პასს), სველ მოედანზე მცველი მოასრიალა და მანაც ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი სტუმართა მეკარეს.

პირველი ტაიმის ყველაზე ცუდი ეპიზოდი და დიდი უიღბლობა იყო ახალმომჯობინებული ჯანონ ანანიძის ტრავმა. მით უმეტეს ჩვენი გამთამაშებელი უწყინარ სიტუაციაში დაშავდა. მეტოქე არ შეხებია, ბურთის ჩაწოდებისას იტკინა ფეხი (უკვე მე-6 წუთზე). მიღებული ტრავმის შემდეგ იგი გამოკვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეორე ტაიმი ბევრად მშვიდი გამოვიდა. ჩვენებს იმავე ტემპში აღარ გაუგრძელებიათ, თორემ ანგარიში ნამდვილად არასაფეხბურთო გამოვიდოდა. ვლადიმირ ვაისმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე ცვლილება გააკეთა და კიდევ ხუთ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ლიტვა ბევრად გამოცოცხლებული იყო, უპირატესობა ისევ მასპინძლების მხარეს იყო, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული აღარ მომხდარა და საქართველომ მშვიდად მიიყვანა თამაში დამაჯერებელ გამარჯვებამდე.

 

24 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. ამხანაგური მატჩი.
საქართველო – ლიტვა 4:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (დვალი, 61), ნავალოვსკი, კანკავა (კვეკვესკირი, 61), გვილია, ყაზაიშვილი (მერებაშვილი, 83), ჩაკვეტაძე (აბურჯანია, 69), ანანიძე (პაპუნაშვილი, 11), ქვილითაია (არაბული, 73).
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)

 

სამ დღეში კიდევ ერთი ამხანაგური თამაში გველოდება (27 მარტს, ისევ მიხეილ მესხზე დაისევ უფასოდ). ესტონეთი ჩამოდის (სომხეთიდან, სადაც 0:0 ითამაშა). შემადგენლობა ალბათ შეიცვლება, აკი ვაისმაც თქვა, ამ ორ მატჩში თითქმის ყველას მივცემ შანსსო და ამაში დასაძრახი არც არაფერია. ამ ამბავში საინტერესო ისიცაა, რამდენად შეძლებს ჩვენი გუნდი მოკლე დროში ორი მატჩის სტაბილურად თამაშს (ადრე უჭირდა). იმედია არც ფიზიკურად გადაიღლებიან და არც მორალურად და ორ ისეთ მოგებას გაიფორმებენ, რომ ჩვენს მომავალ ოფიციალურ მეტოქეებს საფიქრალს და სადარდებელს გაუჩენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები