გლობალური ინოვაციების ინდექსის მონაცემების მიხედვით, საქართველო 9 პუნქტით დაწინაურდა და მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ ტექნოპარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შედეგად საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ინოვაციების მიმართულებით სწრაფად განვითარდნენ და მონაცემები საკმაოდ ბევრ პარამეტრში გააუმჯობესეს.
ქაშიბაძის თქმით, საქართველომ გაასწრო ისეთი ქვეყნებს, როგორიცა: ბრაზილია, ყაზახეთი, ინდოეთი და სხვა.
”ეს არის 2015 წლის მონაცემები. დარწმუნებულები ვართ, რომ 2016 წლის მონაცემები, რომელიც შემდეგ წელს შეჯამდება, საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოუტანს გლობალურ ინოვაციების ინდექსში“ – აღნიშნა ქაშიბაძემ.
მისივე განმარტებით, ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, აქვთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს აქტიურ კაპიტალდაბანდებებს და დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ორი წლის წინ დაფუძნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ამის შემდეგ მიმდინარეობს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას – იხსნება ლაბორატორიები უნივერსიტეტების ბაზაზე, ხორციელდება სპეციალური პროგრამები უნარების გადამზადების მიმართულებით, საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, ასევე მიმდინარეობს პროგრამა „სტარტაპ საქართველო.“ ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პოზიციები გლობალურ რეიტინგებში, მათ შორის ამ რეიტინგში, გაუმჯობესდა“ – განაცხადა ქაშიბაძემ.
მისივე ცნობით, სააგენტოს ხელშეწყობით მომავლის პროფესიების მიმართულებით ტრენინგები ჩატარდა და გადამზადდა 5000-მდე ახალგაზრდა, 2015 წლის განმავლობაში 17 ინოვაციური სტარტაპისთვის გრანტები გაიცა, რომლის მთლიანი ღირებულება 750 000 ლარს შეადგენდა.
გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, კორნელის უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა INSEAD 2007 წლიდან აქვეყნებს. ინდექსის მიხედვით ფასდება ეკონომიკური რეფორმები, ინსტიტუციური რეფორმები, ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე კვლევების და განვითარების ხარისხი, თუ რამდენად ინტენსიურად ხდება კვლევების კომერციალიზაცია და რამდენად დიდი ინვესტიცია იდება კვლევებსა და განვითარებაში.
ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით, მომავალი წლის ინდექსში შევა მონაცემები, რომელიც ასახავს წელს განხორციელებულ და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს.
„ეს არის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე ბიოტექნოლოგიების ცენტრზე მიმდინარე მუშაობა, წელს გახსნილი და მოქმედი რვა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ქვეყნის სხვა რეგიონებში, ასევე მინიტექნოპარკის პროექტი და ინოვაციების ცენტრების შექმნა ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომლებიც აუცილებლად აისახება მომავალი წლის ინდექსში“ – აღნიშნა ქაშიბაძემ.
გლობალური ინოვაციის ინდექსი შვიდ კომპონენტისგან შედგება. ესენია: ინსტიტუციონალური რეფორმები, რომელიც მოიცავს ბიზნეს და პოლიტიკურ გარემოს, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინოვაციების ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, ბიზნესის განვითარების დონე და შემოქმედებითი მიღწევები. 2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის პირველ ხუთეულში შევიდნენ: შვეიცარია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი.