LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლიცინია“ – მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც თბილისიდან ბაღდათში დაბრუნებულმა ცოლ-ქმარმა შექმნა

1339
caava

ფოტოგრაფი გიორგი ცაავა და მასწავლებელი ნათია ფურცელაძე პანდემიის დროს მშობლიურ მხარეში, ბაღდათში გადასახლდნენ. სხვადასხვა პროფესიის ცოლ-ქმარს კაფეს შექმნის იდეა ერთდროულად გაუჩნდა. ასე დაიწყეს ფიქრი „გლიცინიაზე“. როგორც გიორგი ცაავა, „ფორტუნასთან“ ამბობს, „გლიცინია“ არ არის მხოლოდ კაფე. მულტიფუნქციური სივრცე ბიბლიოთეკასაც მოიცავს, ასევე, შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის ჩასატარებლად იდეალური ლოკაციაა.

„2 წლის წინ კი „გლიცინიაზე“ ზრუნვა დავიწყეთ, აწარმოე საქართველოს გრანტი მოვიგეთ და იმაზე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ორივე ბაღდათიდან ვართ, კლასელები, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. ბაღდათში დავიბადეთ და გავიზარდეთ, სტუდენტობაში წამოვედით თბილისში. გვინდოდა ჩვენი სფეროები გაგვეერთიანებინა. ის მასწავლებელია და მისი მიმართულება არაფორმალური განათლებაა. მე ხელოვანი ვარ, ვგეგმავ, რომ სექტემბრიდან ფოტოგრაფიის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების კურსები გავაკეთო. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იარსებებს“, – გვიყვება გიორგი.

როგორც კაფეს დამფუძნებელი ამბობს „გლიცინიას“ შექმნის მთავარი იდეა და მიზანი ის იყო, რომ ბაღდათში ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ  ხარისხიანი, კარგი განათლება, გაეცნონ სიახლეებს. კაფე გიორგის სახლში, ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. გიორგის თქმით, სტუმრებს შორის როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები არიან, რომლებსაც მასპინძლები გემრიელ კერძებსა და იმერულ გარემოს ახვედრებენ.

„კაფეში უგემრიელესი კერძები და ძირითადად, იმერული გემოა. როდესაც ტურისტი შემოდის, გვინდა, რომ თავი იმერეთში იგრძნოს. გვაქვს ბიბლიოთეკის სივრცეც, მალე გვექნება ფოტოგრაფიის სივრცე ბაღდათელი ახალგაზრდებისთვის, სადაც შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გაიმართება. გვაქვს ეზოს სივრცეც, სადაც კინოჩვენებები, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები იგეგმება“, – ამბობს გიორგი.

ამ ეტაპზე ოჯახური ბიზნესი „გლიცინია“ დამფუძნებლების გარდა 2 ადამიანს ასაქმებს, თუმცა გაფართოებასთან ერთად კადრების დამატებაც იგეგმება.

„ახლა ყველა ყველაფერს ვაკეთებთ. ცოლიც ვართ, ქმარიც ვართ, საქმეც ერთად გვაქვს. ოჯახურ ბიზნესს ბევრი სიხარული და კარგი შეგრძნება მოჰყვება. არ ვიცი, რის წინაშე ვდგავართ, მაგრამ რაღაც კარგი რომ არის, ვგრძნობთ. ჩვენი მთავარი საზრუნავი გახდა „გლიცინია“. ყველაზე დიდი რესურსი ძალა და შესაძლებლობები აქ იხარჯება“, – გვიზიარებს კაფეს დამფუძნებელი.

კაფეში მისულ სტუმრებს პირველი ჭიშკართან დარგული უძველესი გლიციანია ეგებება, რომელიც სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ფერად ყვავის და გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გიორგი კაფეს სახელის ისტორიას გვიზიარებს:

„სახელზე ბევრს ვფიქრობდით. სახლი მამისგან, ბებოსგან და ბაბუისგან დამრჩა, დაახლოებით 70-80 წლისაა. ჭიშკართან დარგულია გლიცინია, რომელიც დაახლოებით სახლის ასაკისაა, დიდი ხეა, გაზაფხულზე იასამნისფერია, ზაფხულში მწვანე. ჭიშკარში რომ შემოდიხარ, პირველი გლიცინია გეგებება“.

„გლიცინია“ სტუმრებს მთელი საქართველოდან ელოდება. ნამდვილი იმერული გემო და ქართული სტუმართმოყვარეობა – სწორედ ეს დაგხვდებათ კაფეში, რომლის დამფუძნებლებიც ახალი სერვისების შეთავაზებასა და გაფართოებაზე მუდმივად ფიქრობენ.

სამომავლოდ, გაფართოებას, გაუმჯობესებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ „გლიცინია“ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდეს. აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთ საქართველოსკენ წამოხვალთ, არ დაგეზაროთ, გამოიარეთ 19-20 კილომეტრი, მოინახულეთ ქალაქი ბაღდათი, რომელიც თავისი ისტორიით ძალიან საინტერესოა და ბევრი საინტერესო ადამიანი ჰყავს გაზრდილი, ასევე, გვესტუმრეთ „გლიცინიაში“, სადაც დაგხვდებათ თბილისი და მყუდრო გარემო, მე და ნათია, იმერული გემრიელობები, ახალი და ხასხასა გემოები და იგრძნობთ, რომ ნამდვილად იმერეთში ხართ.