ვარშავაში ვარ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. კობახიძე, თალაკვაძე, ჩიქოვანი, წილოსანი და სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, ევროპულ საბჭოში იმყოფება.
გივი მიქანაძის თქმით, „არ იცის, რომელ რეალობას დაუჯეროს“.
„მეორე დღეა, ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ. არ ვიცი, რომელ რეალობას დავუჯერო. რამდენიმე დღის წინ რაღაც „ნიუსი“ შემომხვდა სოციალურ ქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება, ეგაა“, – წერს გივი მიქანაძე.