LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის ყურუას 6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა

62
1

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის ყურუას საქალაქო სასამართლომ 6 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტმა და ყურუას ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ “პუბლიკას” განუცხადა, ყურუა გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გიორგი ტაბატაძე “პუბლიკასთან” აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებასა და დაკავების ოქმს დაეყრდნო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ დაკავების უსაფუძვლობის ფოტომტკიცებულებები წარმოადგინა, მათ შორის ის, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციელი დაკავებისას იმ ადგილას საერთოდ არ იყო.

ტაბატაძის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ტაბატაძის ინფორმაციითვე, სასამართლოში დღეს ჩაინიშნა ბორის ყურუას კიდევ ერთი პროცესი სუს-ის შენობასთან ავტომობილის დალეწვის ფაქტზე.

ის 173-ე და 166-ე მუხლებით 16 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერებმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ, უწყების შენობასთან “შკოდას” ავტომობილი მიიყვანეს და დემონსტრაციულად, უროებით ჩაამსხვრიეს.