“სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრმა, გიორგი ვაშაძემ გააცნო.
ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტი პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას, საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ავტომატურ კლებას უზრუნველყოფს.
“ჩვენი ინიციატივა არის ერთი მუხლის ცვლილება კანონში, რომ პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და სახელმწიფომ ის არ დაავალდებულოს საპენსიო სესხი აიღოს ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში.” – აღნიშნა ვაშაძემ.
ინიციატივის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმაც.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარესთან საპენსიო თემაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში წარმოდგენილია ყველა სააგენტო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა, ჯანდაცვის სამინისტროები და ფიქრობს, რომ მოხდება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საპროცენტო განაკვეთთან, ასევე ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
კოვზანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხს წერტილი დაესმება, რადგან ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელსაც კომპლექსური მოგვარება სჭირდება.