LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ იქნებიან თუ “ლეიბორისტებში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს: გურამ მაჭარაშვილი

58
გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ შექმნის დაანონსებას, სადაც „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „გიორგი ვაშაძის და გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ იქნებიან თუ „ლეიბორისტებში“, არ ჰგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს“.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევები და რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ გაერთიანებით ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ისინი მესამე ძალის წარმომადგენლები არიან.

დეპუტატის განმარტებით, „7- ჯერ დადასტურდა, რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ქართველი ხალხი აღარ აძლევს მათ მანდატს“.

„მესამე ძალა იქნები, პირველი თუ მეორე, ამას წყვეტს საქართველოს საზოგადოება და ამას ვნახავთ 2 ოქტომბერს ისევე, როგორც ვნახეთ წინა არჩევნებზე. ასე რომ, წინმსწრებად არ მგონია, რომ ნუმერაცია უნდა მიინიჭო შენ თვითონ, სანამ საზოგადოება გამოიტანს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ვაშაძეების გაერთიანებას, როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე არის „ნაცმოძრაობა“, ახლა ისინი „სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ლეიბორისტულ პარტიაში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს. მთავარი სამწუხაროდ, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები, მათ შორის, გიორგი ვაშაძეც ერთი ერთში ამთხვევენ თავის რიტორიკას და ქცევებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევებს და ფორმალურად ისინი რომელ პოლიტიკურ ძალაში ჩაირიცხებიან, არ მგონია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს. ნამდვილი, ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები უნდა შეიქმნან, რომლებიც ჩაანაცვლებენ „ნაცმოძრაობას“, თუ “ნაცმოძრაობის” ლიდერები გადაბარგდებიან სხვა რომელიმე პარტიაში, ამით ვერ მოატყუებენ ისინი საზოგადოებას, რომ ისინი არიან მესამე ძალა. რაც შეეხება მათ რესურსებს, 7- ჯერ დადასტურდა, რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ქართველი ხალხი აღარ აძლევს მათ მანდატს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.