LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოების ნომინაციები ცნობილია

124
გიორგი ტუხაშვილი

2024 წლის 28 მაისს თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება.

დაჯილდოება იქნება ყოველწლიური და სიმბოლურად 30 მაისს, გიორგის დაბადების დღეს ჩატარდება (წლევანდელი გამონაკლისით) და ის ღია იქნება როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების ნომინირებისთვის.

გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის – Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო, რომელიც 2024 წლის იანვარში ბაკურიანში ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ტრაგიკულად დაიღუპა.

გიორგი ტუხაშვილის სახელობის დაჯილდოებას 8 ნომინაცია ექნება:

  • Boldest Startup – ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერება. ამ კატეგორიას ეყოლება ორი გამაჯვებული – ერთი ქალის და მეორე კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი.
  • Impact Startup – ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ისეთი მაღალი მასშტაბირების მქონე სტარტაპის აღიარება, რომელსაც ამავდროულად მოაქვს პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე ან გარემოზე.
  • Servant Leader – ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღმოაჩინოს ფარული ლიდერი, თავმდაბალი და ღირებულებების მატარებელი ადამიანი, რომელიც სხვების მხარდაჭერით არის დაკავებული პირადი ინტერესების ან თვითპიარის გარეშე.
  • Startup Gemini – ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს სტარტაპ სფეროს განმანათლებელი – ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ახდენს სტარტაპ კულტურის და სხვა საკითხების პოპულარიზაციას ბლოგების თუ ვლოგების საშუალებით.
  • Mindful Founder – ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია მენტალური ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის როლური მოდელის წახალისება.
  • Teen Founder – ეს არის 18 წლამდე სტარტაპ დამფუძნებლისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების წახალისება ახალგაზრდებს შორის.
  • Super Connector – ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ადამიანების დაკავშირებაში მათი დიდი სტარტაპ მიზნების მისაღწევად.
  • Super Angel – ეს არის სტარტაპ ინვესტორისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელიც სტარტაპისთვის აკეთებს მეტს, ვიდრე დაფინანსება – ადამიანი, რომელიც არის სტარტაპისთვის შესაძლებლობების შემქმნელი მათთვის ახალი კავშირების დამყარების, ახალ ბაზრებზე წვდომის გახსნის, საკუთარი ექსპერტიზით მენტორინგის, თუ სხვა კუთხით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი.

შემოსული განაცხადების საფუძველზე ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები მიიღებენ: სამოგზაურო გრანტს საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიან მენტორინგს, სასწავლო სტიპენდიას სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები