„თუ ბათუმსა და ქუთაისში სრულად არ გადაითვლება ბათილი ბიულეტენები, რომელთა რაოდენობა კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას აჭარბებს, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება,“– ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, პარტია „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში.
როგორც მანვე აღნიშნა, არჩევნების შედეგი არის ხალხის წარმომადგენლობის, ინსტიტუტების ლეგიტიმაცია.
„30 ოქტომბრის არჩევნები ამ მხრივ საშიშროების წინაშე დგას. ძალაუფლების წყაროს, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში, სხვა შემთხვევაში, არჩევნები ხდება ფორმალობა, ფიქცია. გუშინ ყველაფერი იყო ისე, როგორც არ უნდა იყოს არჩევნების დღეს.
ლეგიტიმაციის ეს პრობლემა განსაკუთრებით დადგება ისეთ ოლქებში, სადაც ბათილი ბიულეტენების იმდენად მაღალი რაოდენობაა, რომ აჭარბებს კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის სხვაობას. პირველ რიგში, საუბარია ბათუმსა და ქუთაისზე,“- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების ამ კითხვის ნიშნებზე რეაგირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის ამოცანად მიიჩნევს, რომ უნდა გადაითვალოს ყველა ბათილი ბიულეტენი ამ ოლქებში, აგრეთვე ზუგდიდშიც, რომელიც განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფოკუსში იყო მოქცეული.
„არჩევნები არ არის მხოლოდ პროცედურულ-ადმინისტრაციული ინსტრუმენტი. ის არ უნდა გავმიჯნოთ მისი მთავარი არსისგან. სამწუხაროდ, ქართული არჩევნების ისტორიაში ამგვარი გამიჯვნის მიდგომა გვაქვს, რაც ჩაკეტილ წრეზე ტრიალია. თუ ეს წრე არ გავარღვიეთ, „პროცედურული დემოკრატიიდან“ დაგვრჩება მხოლოდ პროცედურები, დემოკრატია კი-გვერდზე“, – განაცხადა სიორიძემ.