LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შერმადინი: ქართველ გულშემატკივარს იმედს არ გავუცრუებთ

152
FORTUNA.GE (8)

რა შეზღუდვების ფონზე ვარჯიშობენ კალათბურთელები ესპანეთში, სურს თუ არა ცვლილებები საკლუბო კარიერაში და რას ელის „ევრობასკეტი 2022″-სგან? – რადიო „ფორტუნას“ კითხვებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი პასუხობს.

 

გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დროს გვითმობთ. „ლიგა ენდესას“ სეზონი უკვე დასრულდა, ჩემპიონიც გამოვლინდა. ამის ფონზე აგრძელებთ თუ არა ვარჯიშს?  

მოგესალმებით და მადლობა მოწვევისათვის. ამჟამად ოჯახთან ერთად მალაგაში ვიმყოფები. ვარჯიში უკვე განვაახლე, თუმცა ინდივიდუალურად. როგორც მოგეხსენებათ, ორი წლის განმავლობაში „უნიკახა მალაგაში“ ვთამაშობდი და აქაურ მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამ დროისათვის სწორედ ერთ-ერთ მათგანთან ვვარჯიშობ. ვუთხარი, რომ დრო იყო ვარჯიში დამეწყო და სიამოვნებით დამთანხმდა (იცინის).

რაიმე შეზღუდვების ფონზე თუ მიმდინარეობს ვარჯიშები, ან თუ იყი რაიმე შეზღუდვები, როცა სეზონი განახლდა?

ამჟამად ესპანეთში შეზღუდვები მოხსნილია და ყველაფერი გაიხსნა. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს ისაა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. როდესაც სეზონის შეწყდა, ყველა შინ ვარჯიშობდა. სავარჯიშო პროგრამას „ვოთსაპში“ გვიგზავნიდნენ და შეძლებისდაგვარად ვასრულებდით. როცა დარბაზში გადავინაცვლეთ, შეზღუდვები რასაკვირველია იყო. თავიდან დარბაზში 2-2 დავდიოდით, შემდეგ 5-5, შემდეგ 10-10 და ბოლოს ჩვეულ, გუნდურ ვარჯიშებს დავუბრუნდით.

მინდა გკითხოთ საკლუბო კარიერაზე, რაიმე საინტერესო წინადადებ თუ არის სხვა გუნდებიდან და ცვლილებას თუ გეგმავთ ამ კუთხით?

სეზონის შუაგულში „ტენერიფემ“ თანამშრომლობის გაგრძელება და 3-წლიანი ხელშეკრულება შემომთავაზა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან მთელი ოჯახით აქ ვართ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მოგეხსენებათ, 4 ბავშვთან ერთად სახლიდან სახლში გადასვლა ადვილი არ არის, თქვენც ხომ ხედავთ (ლაივს უერთდებიან ბავშვები J). სეზონის დასრულებას არც დაველოდეთ, ისე გავაფორმეთ კონტრაქტი და შესაბამისად, სხვაგან წასვლას უახლოეს ხანებში არ ვგეგმავ.

გმირი მშობელიც ყოფილხართ… მოდი, ვისაუბროთ ყველა ქართველი გულშემატკივრისათვის აქტუალურ თემაზე. საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა. ტურნირი 2022 წელს გაიმართება. როგორც ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და წევრი რას ფიქრობთ, რეალურად რა შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი ამ ტურნირზე?

პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობის გადახდით კალათბურთის ფედერაციისათვის. პანდემიის და კარანტინის დროსაც კი ახალი დარბაზის მშენებლობა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ეს ძალიან დიდი რამაა როგორც მოთამაშეების, ასევე გულშემატკივრისათვის. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს ტურნირის მიმართ. სამწუხაროდ, ერთი წლით გადაიდო, მაგრამ 2022 წლის სექტემბერს ძალიან ველით ჩვენც და დარწმუნებული ვარ გულშემატკივარიც. ჩვენს თამაშებს 10-12 ათასი ადამიანი დაესწრება და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის ეს რას ნიშნავს. გულშემატკივარს იმედს არ გავუცრუებთ, მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები