LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტები და ნევროლოგები ჩაერთვებიან

165
aleqsandre

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებითი ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უკვე მიმართა.

შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ გარდაცვალების ყველა შესაძლო ვერსიის განხილვა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ კვლევის პროცესში ოჯახის ინიციატივით, დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ექსპერტიზამ ამ შემთხვევაში უნდა უპასუხოს კითხვას –  დაზიანებები, რომელიც ფეხბურთელმა მიიღო განვითარდა თუ არა, ხიდიდან ვარდნის შედეგად.

დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი გეჯაძის ინფორმაციით, შსს ტრავმის განვითარების მექანიზმის რამდენიმე ვერსიით ინტერესდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოგვმართა წერილით, რადგან სურვილი აქვთ, ჩვენი ცენტრის ექსპერტთა კომისიამაც მიიღოს მონაწილეობა დანიშნულ სამედიცინო ექსპერტიზაში შაქარაშვილთან დაკავშირებით, კერძოდ, ტრავმის განვითარების შესაძლო მექანიზმზე მსჯელობისთვის. დასმულია არაერთი შეკითხვა გამოძიების მიერ 14 ივლისის მდგომარეობით გამოტანილ დადგენილებაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სახელზე და გასარკვევია, ესა თუ ის დაზიანება, რა ვითარებაში შეეძლო მიეღო, იგულისხმება ასფალტირებულ ზედაპირზე დაცემით, ხახუნით, გადაგორებით იმ ფერდობზე, რომლის ძირშიც ნახეს ე.წ. ჩანთა. სიკვდილის ხანდაზნულობაზეა დასმული ასევე შეკითხვები“, –  აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

ცნობილი ხდება, რომ ექსპერტიზაში ნევროლოგებიც ჩაერთვებიან.

„ჩვენი მხრიდან ამ ექსპერტიზაში სამედიცინო ექსპერტებთან ერთად ჩავრთავთ ნევროლოგსაც, რადგან გონების დაკარგვის ეპიზოდებზეა საუბარი, შესაძლებლობაზე, შეეძლო თუ არა გონების დაკარგვა. მაღალი ალბათობით ამ დღეებში უკვე ჩაერთვება ჩვენი კომისია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებთან ერთად. დავიწყებთ მსჯელობას, მაღალი ალბათობით გავალთ შემთხვევის ადგილზე, დავათვალიერებთ იმ მიდამოს, სადაც გამოძიება გვეკითხება, შეეძლო თუ არა დაგორებით, ან ხახუნით მიეღო დაზიანებები ამა თუ იმ ლოკაციებში და ამის შემდეგ უკვე დაიდება მთლიანი დასკვნა. მაღალი ალბათობით მიმაჩნია, რომ ერთ საერთო პოზიციაზე უნდა გავიდეთ. არ არის გამორიცხული გარკვეულ კითხვებთან მიმართებაში ადგილი ჰქონდეს აზრთა სხვადასხვაობას. ამ ექსპერტიზის მიზანი ვერ იქნება, ჩვენ დავდოთ დასკვნა რომ პირობითად, ამ პიროვნებამ შაქარაშვილს ასეთ ვითარებაში მიაყენა დაზიანება, რადგან ეს გამოძიების მსჯელობის საგანია. გამოძიება გვეკითხება ტრავმის განვითარების მექანიზმის რამდენიმე ვერსიას“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სიკვდილის ხანდაზმულობის ზუსტი დადგენა გაჭირდება, ვინაიდან გარდაცვლილს რამდენიმე დღის განმავლობაში  წყალში ეძებდნენ.

„ბუნებრივია ამ ექსპერტიზის შემადგენელ ნაწილს გულისხმობს, ერთიანად გავივლით და დავდებთ დასკვნას. სიკვდილის ხანდაზმულობის ზუსტი დადგენა ბუნებრივია გაჭირდება. ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ჩავატაროთ, ძალზედ არ უნდა გაჭიანურდეს“, – განაცხადა გეჯაძემ.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმეში 18 ტომი დევს. სასამართლო პროცესები 2 კვირაში დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები