ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ უნდა გადაიდგას ნაბიჯი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ და ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების შედეგად, ნატოში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.
“იმ უმაღლესი დონის ორივე შეხვედრაზე, რომლებსაც არაწევრი ქვეყნები ესწრებიან, საქართველო წარმოდგენილი იქნება და ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ ნატოს ქვეყნების ლიდერები. ჩვენ ველით, რომ ამ შეხვედრების შედეგად, აგრეთვე იმ ორმხრივი შეხვედრების შედეგად, რომლებიც დაგეგმილია სამიტის ფარგლებში, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.
ჩვენ ვითხოვთ ნატოს წევრობას და ყველა იმ ადეკვატურ ნაბიჯს, რაც ამ პროცესის დაჩქარებას განახორციელებს. ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობა იწყება ამ საკითხით და ჩვენი მტკიცების ლოგიკა მდგომარეობს შემდეგში – ნატო და გლობალურად რეგიონი იქნება უფრო დაცული, როცა საქართველო იქნება ნატოს წევრი,”- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოს ჰყავს ბევრად მეტი მტკიცე მხარდამჭერი, ვიდრე სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, როდესაც ისინი ამ გზას გადიოდნენ.