LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ არ იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა

48

საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა საქართველოში ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ არ იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა თითქმის ყველა რეიტინგში ეკონომიკური მიმართულებით. კვირიკაშვილმა მაგალითად მოიყვანა Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომლის თანახმად, მისი თქმით, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში.

”კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი – ვაშენებთ ეფექტიან სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, წელს სრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, დავიწყეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. ”რაც მთავარია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე, ერთ წელიწადში შევძელით არა მარტო რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მარტო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, ასევე – კერძო სარეიტინგო კომპანიებიც, რისი დასტურიცაა “მუდისის” მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის Ba3-დან Ba2- მდე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ დიალოგის შედეგად და მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები