LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: “გადაიღე საქართველოში” მონაწილეებს სახელმწიფო აპარატი კოორდინირებულად მოემსახურება

27

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა “გადაიღე საქართველოში” მონაწილეებს  სახელმწიფო აპარატი კოორდინირებულად მოემსახურება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ ”ქარვასლაში”, პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს.

”საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.

პრემიერის განცხადებით, ეს ეროვნული ფილმწარმოების განვითარებისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება, ხელს შეუწყობს კინოს, როგორც ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში და ქვეყანა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება.

”მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კინო-ინდუსტრიის განვითარებას და მომიჯნავე დარგებზე სარგებლის გადადინების ეფექტის შექმნას. რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული დაბრკოლება უნდა შეხვდეს პროდიუსერებს. ჩვენი მიზანია მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინო გადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი და წავახალისოთ ნიჭიერი ადამიანები. მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის რეალიზაცია უნდა მოახდინონ, რათა ამით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ასევე შევქმათ ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ასე მივაღწევთ ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები