ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული 50 მილიონ დოლარიანი საკრედიტო ხაზი ქართული საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება იქნება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ძალიან კარგია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაამტკიცა ასევე 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, სპეციალურად ქართული საწარმოებისთვის, რომლებიც განიზრახავენ, რომ საკუთარი წარმოების სტანდარტები ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვონ.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვნი წახალისება ევროპული სტანდარტებით საქართველოში წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეეების წარმომდგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითანამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილი ევროკავშირის პროგრამის – ENPARD-ს მეორე ეტაპის დაწყებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
„50 მილიონი ევროს ღირებულების საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს იქნება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობისთვის და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისათვის განსაზღვრული დაფინანსება“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.