LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება ახალი ბაზრების ათვისება

71

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ – მის მიღმა.

”დღევანდელი ჩვენი შეკრება ეძღვნება ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას. დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გახლავთ. პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და მეგობარი ქვეყნების ლიდერების მოწვევისთვის, რაც საერთო ხედვისა და ინტერესების საუკეთესო დემონსტრირება გახლავთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ ერდოღანს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს მივულოცო რესპუბლიკის დღის ნაციონალური დღესასწაული.

თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების დასწრება, ასევე მთავრობის წევრების დასწრება თურქმენეთიდან და ტაჯიკეთიდან, მეტყველებს აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, დამატებით მიმზიდველობას აჩენს ამ პროექტის მიმართ და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

დღეს, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებასა და გაფართოებაზე და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს.

ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ – მის მიღმა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, გამარტივდება ახალი ბაზრების ათვისება და ხელი შეეწყობა ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარია.

ცნობისთვის, დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.  ხუთი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე – იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები