LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: 2018 წლიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში 90 %-ით მეტი დაიხარჯება

86

2017 წელს 37%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, 2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 მილიარდ 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ზრდაა დაგეგმილი. მარტო 2017 წელს 37%–იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. შარშან, 2016 წელს, ამ მიმართულებით 970 მილიონი ლარის ფარგლებში დაიხარჯა. წელს ამ მიმართულებით 1 მილიარდ 350 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის პროექტები განხორციელდება, რაც არის 36–37%–იანი ზრდა შარშანდელ წელთან შედარებით. ეს გახდა შესაძლებელი ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებით და საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური მუშაობით. ეს გაკეთდა ისე, რომ სოციალური მიმართულებით არათუ არ მოგვიკლია არც ერთი თეთრი, არამედ გავზარდეთ კიდეც ჩვენი დანახარჯები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება 2018 წელს, მისივე თქმით, მომავალ წელს ძალიან ბევრი პროექტის ერთდროულად დაწყება იგეგმება.

„დღეს უკვე მომზადების პროცესი თითქმის დასასრულს მიუახლოვდა და 2018 წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც სერიოზულ დინამიკას მოიტანს არა მარტო თბილისის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მთლიანი ჯამი ამ პროექტების 2016 წლის ბაზასთან შედარებით, 89–90 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. ეს არის 1 მილიარდ 800 მილიონზე მეტი დანახარჯები, რაც ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილია; კიდევ უფრო მეტი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება თითოეული ადამიანის ყოფაზე. დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ძალიან მზარდი დინამიკის სერიოზული განვითარების წელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები