არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს იყო ყველაზე ცუდი შედეგი, – ასე შეაფასა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ევროკომისიის დასკვნა.
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია
როგორც მან “იმედის” ეთერში აღნიშნა, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს, თუმცა მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა არ კმარა. ხელაშვილმა სამი მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც მისი თქმით, ჩვენმა ქვეყანამ “ვერ მიიღო მეტი”.
„რატომ ვერ მივიღეთ უფრო მეტი, სამი დიდი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ. პირველი – გეოგრაფია, მეორე – მსხვერპლი და მესამე – პოლარიზაცია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკამ ითამაშა დიდი როლი თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს არა აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, მაშინ, როცა როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა ესაზღვრება ევროკავშირს. აი, ეს ძალიან მარტივი არგუმენტი შეიძლება პირობითადად გადამწყვეტი ყოფილიყო ამ საუბრების დროს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინელები კვდებიან ევროპერსპექტივისთვის და ამიტომ ეს მათ უნდა დავუფასოთ. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, მსხვერპლს აქვს ამოწურვის თარიღი და ვადა, რომლის განმავლობაში ის პოლიტიკურად მოქმედებს, ვინაიდან არც ერთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში არ გაუღია იმაზე დიდი მსხვერპლი დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, რამდენიც საქართველოს, მაგრამ ეს არ დაფასდა. “, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ასევე თქვა, რომ საქართველოს შესრულებულ სამუშაოს და გატარებულ რეფორმებს სამწუხაროდ ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია.
„იყო ოთხი დიდი თემა და აქედან მხოლოდ ერთში ვიდექით მყარად. ეს თემები იყო: ევროპის გადაღლა გაფართოებით, გეოპოლიტიკა და უკრაინის კონფლიქტი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ძალიან მძაფრი პოლარიზაცია. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთი იყო ჩვენ მხარეს – ჩვენი შესრულებული სამუშაო და გატარებული რეფორმები. სამწუხაროდ ევროპამ ყველაზე ნაკლები ყურადღება მიაქცია იმას, რისთვისაც ყველაზე მეტი უნდა მიექცია, ეს არის შესრულებული სამუშაო და გატარებული რეფორმები. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ეს არის გულდასაწყვეტი და უსამართლო. თუმცა ის, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.