LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

114

სააპელაციო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

„დაცვის მხარის სააპელაციო სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს და განაჩენი უცვლელი დარჩეს. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა,“ – განაცხადა პალატის თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძემ განაცხადა.

სხდომის დაწყებისას გიორგი გიორგანაშვილმა მოსამართლეთა კოლეგიას განცხადების წაკითხვა სთხოვა, რომელშიც აღნიშნა, რომ განაჩენი წინასწარ არის გადაწყვეტილი და სასამართლო სიმართლის დადგენით დაინტერესებული არ არის. გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლო სხდომა, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

გიორგი გიორგანაშვილს საქალაქო სასამართლომ 45 აბი “სუბოტექსის” შეძენა-შენახვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მსახიობი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები