LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გილიგაშვილი: „ვცდილობ, ცრემლი მქონდეს თვალზე მოდინებული ყოველი აღსარების წინ თუ მერე…“

341
გილიგა

გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ პასუხობს კითხვაზე, ბოლოს როდის მოეძალა ემოციები.

ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

ვცდილობ, ჩემი თვალები ხშირად იყოს წყლიანი. მართლა ვცდილობ. რაღაც პერიოდი, როდესაც აქტიურ სპორტში ვიყავი ჩართული და ეს ძალისმიერი სპორტები იყო: კრივი და ბრძოლა წესების გარეშე, მაშინ მე არანაირი ტკივილი არ უნდა მეგრძნო. საკუთარ თავს ასე ვაჯერებდი. აღმოჩნდა, რომ ისე გაცხოველდა ჩემში ბუნება, საერთოდ დავკარგე ადამიანის შინაგანი გრძნობები. ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. როცა შენს ბუნებას ცხოველური ემოციით ზრდი და კვებავ, მერე ძალიან რთულია, ზიარების დროს სულიწმიდის მადლი შემოვიდეს შენში და შეეხოს შენს სულსა და გულს, გაალღოს და დააბრუნოს ბავშვურ მდგომარეობაში.

ასე სახალხოდ ამის თქმა რთულია და შეიძლება, ცოდვაც არის, მაგრამ ვცდილობ, ცრემლი მქონდეს თვალზე მოდინებული ყოველი აღსარების წინ თუ მერე. შეიძლება, ცხარე ცრემლი არა, მაგრამ ის, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. ვცდილობ, გავიაზრო ჩემი სიშორე უფალთან, ეს კარგად მახსოვდეს და მტკიოდეს სათანადოდ. არ მოვეკიდო იაფად იმ ტკივილს, რაც ადამიანისა და უფლის სიშორისგან არის წარმოშობილი ადამიანში. გამორჩეული მიზეზი არ არსებობს, გარდა იმ მდგომარეობის გააზრებისა, რომ ის მამაა შენი, შენ შვილი ხარ და მამა-შვილს შორის ასეთი სიშორეა.

მე მახსოვს ამ ცხოველური ვარჯიშის შემდეგ „ჯარისკაცის მამა“ ვნახე და ძალიან ამეტირა. ეს იყო გარდამტეხი. იქაც მამაშვილურ სიყვარულზე და სიშორეზეა საუბარი. გასაგებია, რომ სხვა მიზეზია, მაგრამ საინტერესო დამთხვევაა. დიდი ხანი იყო, არ წარმოშობილიყო ჩემს თვალზე ცრემლი და მაშინ, როცა ეს მოხდა, როცა თვალზე ცრემლი მომადგა, მივხვდი, რომ რაღაც ადამიანური შემოვიდა ჩემში. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩემს თავზე, დავანებე თავი ორთაბრძოლას, ამან სულ სხვა ინფორმაცია მომიტანა საკუთარ თავზე, ზეცაზე თუ ქვეცაზე ჩემში. ამ ცრემლმა გაანედლა სული ჩემში და კვლავ შემოვიდა ის მადლი, რაც გულწრფელ სინანულს ახლავს. მონანულ სულზე ლამაზი სანახავი არაფერი არ არის, ასეა ნათქვამი და მე მჯერა საღვთო სიმართლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები