რა არის და საიდან მოდის ჭარბი წონა, რა რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და როგორ ვებრძოლოთ მას– აქტუალურ საკითხზე „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
ჭარბი წონა დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა, რომელიც გარდა დისკომფორტისა, გულის, თავის ტვინის, თირკმლის, თვალის და სხვა ორგანოების დაავადებათა განვითარების რისკებს ქმნის. ჭარბი წონის განვითარებას სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს, თუმცა უმთავრესი ხელშემწყობი ჰორმონი ინსულინია. თუ ინსულინის რაოდენობის გაზრდა სისხლში დღისით რამდენჯერმე პიკს აღწევს, წონაში მოიმატებთ, მაგრამ იმ ცხიმს, რომელიც უკვე გაქვთ, ვერაფერს მოუხერხებთ. როგორც ვთქვით, ამის მიზეზი ინსულინია, რომლის მიზანიც ორგანიზმის წონაში მატებაა. ზოგადად, ადამიანის ორგანიზმში ცხიმი საშუალოდ 15-20 კგ უნდა იყოს.
როდესაც ვიღებთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს, ისინი მალე იშლება ორგანიზმში. შედეგად გლუკოზის რაოდენობა იმატებს, პანკრეასი რეაგირებს და უშვებს ინსულინს, რომელიც იწყებს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ორგანიზმში დღიურად მიღებული საკვებიდან მიღებული გლუკოზის 400 გრ გადადის კუნთსა და ღვიძლში, დანარჩენი კი ცხიმად გადაიქცევა და ორგანიზმში მარაგის სახით გროვდება. ინსულინი ზრუნავს არა მხოლოდ იმაზე, რომ ორგანიზმს ჰქონდეს მარაგი, არამედ იმაზეც, რომ ეს მარაგი არ დაიკარგოს. ინსულინი თრგუნავს ფერმენტს, რომლის მიზანიც ცხიმოვანი მარაგის შემცირებაა. შედეგად, ადამიანი წონაში ვეღარ იკლებს. გარდა ამისა, ჭარბი ინსულინი ზრდის ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც შემდეგ ინსულინის რეცეპტორებს აზიანებს და შაქრიანი დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. მოერიდეთ ისეთ ნახშირწყლებს, რომლებიც მდიდარია სახამებლით. მიიღეთ ისეთები, რომლებიც ცელულოზითაა მდიდარი.
ცელულოზიანი საკვების მიღება ზრდის ნაწლავის პერესტალტიკას და ამცირებს შეკრულობის განვითარების რისკს. გარდა ამისა, მცირდება კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების რისკი. ცელულოზის შემცველები შეიცავენ მიკროელემენტებსაც, რაც ორგანიზმს ძალიან სჭირდება. გარდა ამისა, ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოსაქმნელად. კოლაგენი უზრუნველყოფს კანის და ქსოვილების სიმტკიცეს. ასევე, ცელულოზიანი ნახშირწყლები შეიცავს K ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის წარმოების პროცესში. ცელულოზას ჩვენი ორგანიზმი ვერ შლის, მას მხოლოდ ბაქტერიები ერევიან, ამიტომაც არის, რომ როცა ჭამთ ცელულოზიან საკვებს, ასევე ავიტარებთ კუჭ-ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებსაც, რაც კუჭ-ნაწლავის ნორმალური ბაქტერიული მიკროფლორის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ერთადერთი საკვები, რომელიც სისხლში ინსულინის რაოდენობას და წონას არ გაზრდის, არის ბოჭკო. ბოჭკოს მონელება ორგანიზმს უძნელდება, თუმცა სამაგიეროდ, ინსულინის რაოდენობა მისი მიღებისას არ იზრდება. მაინც რომელი საკვებია ბოჭკოვანი? – პომიდორი, კიტრი, ბროკოლი,სტაფილო, ვაშლი. ნებისმიერი მწვანე ან სხვა ფერის მცენარეული საკვები პროდუქტი ინსულინის რაოდენობას ისე არ ზრდის რომ ვერ მოხერხდეს შემდგომში ცხიმებისგან გათავისუფლება. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმისათვის, რათა წონაში არ მოვიმატოთ ან წონაში დავიკლოთ, საჭიროა უარი ვთქვათ სახამებლის შემცველ ნახშირწყლებზე და მივიღოთ რაც შეიძლება ბევრი ბოჭკოვანი საკვები.