LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „რა არის ანაფილაქსია და როგორ უნდა მოვიქცეთ მწვავე ალერგიული რეაქციის გამოვლენისას“?

250
გიორგი ღოღობერიძე

რა არის ანაფილაქსია, როგორ უნდა მოვიქცეთ მწვავე ალერგიული რეაქციის გამოვლენისას და რა სახის დახმარება უნდა გაეწიოს პაციენტს – აქტუალურ კითხვებს საკუთარი „ფეისბუკ-ლაივის“ საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე პასუხობს.

„ვიდრე ვისაუბრებდეთ უშუალოდ ანაფილაქსიის რაობაზე მინდა გითხრათ, რომ ის უკიდურესად იშვიათია და მთელი მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 0.5-2%-ში გვხვდება. მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ალერგიული რეაქციის გამოხატვისას პანიკაში არ ჩავარდეთ, რადგან შესაძლოა ეს რეაქცია რეალურად ანაფილაქსია არ იყოს, მაგრამ პანიკის გამო ექიმს, განსაკუთრებით თუ ის ახალბედაა, გაუჭირდეს პანიკური შეტევის და ანაფილაქსიის ერთმანეთისგან გარჩევა.

ანაფილაქსია არის ძალიან მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც მოიცავს მთელ ორგანიზმს. იგი სისტემური რეაქციაა, რომელშიც მთელი სხეული ერთვება. როგორია ანაფილაქსიის არსი?

ორგანიზმთან ალერგენის კონტაქტისას ბაზოფილები და პოხიერი უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს და ანთების სხვა მედიატორებს, მაგალითად ინტერლეიკინებს, რაც სისხლძარღვების გაფართოებას და ბრონქიოლების შევიწროებას იწვევს. რა უნდა ვიცოდეთ ანაფილაქსიის სიმპტომებზე?

ანაფილაქსიის შემთხვევათა 80-90%-ში ზიანდება კანი, ანუ პირველი ნიშნები კანზე გამოისახება. იქნება ეს კონტაქტი ანტიბიოტიკთან, რაიმე სხვა პრეპარატთან, ვაქცინასთან თუ საკვებთან, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ალერგენზე რეაქცია გვაქვს, ეს კანზე გამოისახება. კონტაქტიდან დაახლოებით 5-30 წუთში ადამიანს ეწყება კანზე დამახასიათებელი გამოვლინება, განსაკუთრებით საყურადღებო კი არის ქავილი. შემთხვევათა 80-90%-ში ანაფილაქსია იწყება ქავილით. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება კანზე გამოიხატოს სხვა სიმპტომატიკაც, მაგალითად შეხურება, წვის შეგრძნება ან ჭინჭრის ციებისათვის დამახასიათებელი ურტიკარიები. კანთან ერთად,  შემთხვევათა 70%-ში გვაქვს სიმპტომები სასუნთქი სისტემის მხრივ. ბრონქიოლების შევიწროების შედეგად  ადამიანს სუნთქვა უჭირს, მას უძნელდება როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა. ხშირად ამ ყველაფერს თან ერთვის ხიხინი, რომელიც ზოგჯერ იმდენად გამოხატულია, რომ გარკვეული მანძილიდან, პაციენტთან მიახლოების გარეშეც ისმის.  შემთხვევათა დაახლოებით 30%-ში ანაფილაქსია შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებით, გულისრევით, ღებინებით ან ფაღარათით გამოვლინდეს.

დაახლოებით 20%-ში  ზიანდება ლორწოვანი გარსი, განსაკუთრებით ენა და ხორხი. ხორხის შეშუპება იწვევს სუნთქვის სერიოზულ გართულებას და იმ შემთხვევაში, თუ დროული ჩარევა არ მოხდა,შეიძლება ასფიქსიაც განვითარდეს.

გარდა ამისა, ანაფილაქსიის შემთხვევათა 10%-ში შეიძლება განვითარდეს წნევის მკვეთრი ვარდნა და ადამიანის წნევა შეიძლება უეცრად მესამედზე მეტად შემცირდეს. ამ შემთხვევაში ჰისტამინის და ციტოკინის ზემოქმედებით სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლი რჩება პერიფერიებში და გულთან ვეღარ მიდის. შესაბამისად გულს აღარ აქვს არაფერი, რომ ამოტუმბოს. ამ დროს შეიძლება განვითარდეს დისტრიბუციული შოკი.

როგორ იმართება ანაფილაქსია?

ასეთ დროს სამედიცინო ჩარევა გულისხმობს პირველ რიგში ეპინეფრინის, ანუ ადრენალინის გამოყენებას. მისი გამოყენებიდან მალევე წესით მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა ძალიან იშვიათად ერთი ინექცია საკმარისი არ არის და ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს დაახლოებით 15 წუთში შეიძლება განმეორებით ინექცია დასჭირდეს. ამავდროულად წნევის ასაწევად დაიწეყება სითხეების გადასხმაც.

მნიშვნელოვანია, რომ იქამდე, ვიდრე აიცრებით ან ექიმი დანიშნულებას მოგცემთ ახალ მედიკამენტზე, ის აუცილებლად ჩააყენოთ საქმის კურსში და უთხრათ, თუ იღებთ რაიმე სახის პრეპარატს. თუ თქვენ სვამთ რაიმე წამალს, მით უფრო ბეტა ბლოკერებს და ექიმს ამის შესახებ არ გააფრთხილებთ, ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ის რასაკვირველია ადრენალინს გაგიკეთებთ, მაგრამ ეს სათანადოდ ვერ დაგეხმარებათ. ადრენალინი ვერ იქნება ჩვეულებისამებრ ეფექტური იმ ადამიანებში, ვინც ბეტა ბლოკერებს მოიხმარს. სწორედ ამიტომ ექიმმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ბეტა ბლოკერებს სვამთ და ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ის არა ადრენალინს, არამედ სხვა პრეპარატს, მაგალითად  გლუკაგოლს გააკეთებს, რომელიც გაცილებით ეფექტურად მოქმედებს ბეტა რეცეტორებზე.

ნუ ჩავარდებით პანიკაში, მიაქციეთ ყურადღება სიმპტომებს და გახსოვდეთ, რომ ანაფილაქსია შემთხვევათა 80 – 99% -ში დადებითად სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები