LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გეგელაშვილი: „რა სიმპტომებით ვლინდება შფოთვითი აშლილობა და როგორ დავამარცხოთ ის“

1437

17 იანვარს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“  21-ე საუკუნის მთავარ პრობლემას, სტრესს, და ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს, შფოთვით აშლილობას მიეძღვნა. რა სიმპტომებით ვლინდება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს –  ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ნევროლოგმა გიორგი გეგელაშვილი ისაუბრა.

 ბატონო გიორგი, როგორი ადამიანები არიან მიდრეკილი ნევროზისკენ?

ტერმინი ნევროზი ყურს ცუდად ხვდება, ხშირად დამცინავ ფრაზად იყენებენ. ახალი კლასიფიკაციებით, ნევროზის ესა თუ ის სიმპტომი ცალკეულ ავადმყოფობებად არის წარმოდგენილი. შესაბამისად თქვენ შეხვდებით ექიმების ჩანაწერებში შემდეგ დიაგნოზებს: გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, აგორაფობია, სომატოფორმული აშლილობა, მცირე და დიდი დეპრესია და სხვა. ამას ყველაფერს ერთად ადრე ნევროზს ეძახდნენ და საზოგადოებისთვისაც უფრო გასაგებია. მე ვცდილობ, ეს სიტყვა არ გამოვიყენო ხოლმე, რადგან ტერმინი ნევროზი გაკილვის საგანი ხდება ხოლმე. სულაც არ არის ცოდვა, ნევროზი დავარქვათ ისეთ აშლილობებს, რომლებიც სულიერ სფეროსთან არის დაკავშირებული და საფუძვლად არ უდევს ორგანული პათოლოგია.

რა სიმპტომებით ვლინდება შფოთვით აშლილობა და რა არის გამოსავალი?

ძალიან კარგი კითხვაა, საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს ეს თემა. პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან მაშინ, როდესაც წარმოექმნება სოციალური სიამოვნების ბარიერები. როდესაც არ აქვს ადამიანს დამშვიდების უნარი, როდესაც ფეთქებადი ხასიათი აქვს, როდესაც უცნაური შეგრძნებები აქვს სხეულში და ა.შ. შეგვიძლია რამდენიმე ცხოვრებისეული მაგალითი მოვიყვანოთ, თუ ბავშვს სახლში დააგვიანდა და ვერ უკავშირდება მშობელი, რა თქმა უნდა ღელავს ის. მაგრამ, როდესაც ბავშვი დაბრუნდება და ის კარგად არის, მშობელმა დამშვიდება უნდა შეძლოს.

ალბათ, ვერავინ იტყვის სად გადის ზღვარი, მაგრამ ფუნქციური აშლილობები მეხის გავარდნასავით არ იწყება. ჯერ ერთ სიამოვნებაზე იტყვის უარს, შემდეგ შიში დაემართება, რასაც მეგობარი ვერ გაუნეიტრალებს, არ უნდა ფილმის ნახვა, არ უნდა სიმღერის მოსმენა, ეცვლება დამოკიდებულება სექსის მიმართ, სახლში სისუფთავის მიმართ, თავის მოვლის მიმართ და ა.შ. ამ დროს აუცილებლად უნდა დაგეგმოს სპეციალისტთან ვიზიტი და გაარკვიოს, როგორ მართოს გრძნობები.

რა არის საუკეთესო გამოსვალი, მედიკამენტოზური მკურნალობა თუ საკუთარი თავთან ინტენსიური მუშაობა?

კარგია შეძახილები, ის რაღაც ეტაპზე მუშაობს და აჩენს გარკვეულ იმედებს. მაგრამ, როდესაც ადამიანს აქვს სხვადასხვა ტიპის აშლილობა და გამუდმებვით ესმის ფრაზა – „აიყვანე თავი ხელში“, ჩნდება პრორტესტის გრძნობა, ის იკეტება თავის თავში, ემართება უნდობლობა ამ ადამიანების მიმართ. ერთი და იგივე შეძახილს თავისი დოზა აქვს, ამის შემდეგ ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.

ანტიდეპრესანტებს აქვს გვიანი მოქმედება…

არის სწრაფად მოქმედი დეპრესიის მომხსნელი საშუალებები და არაფრით არ შეიძლება, მაგალითად ალკოჰოლი, ან ფსიქოაქტიური საშუალებები, ისინი სიამოვნებას მოგგვრით, მაგრამ ბუმერაბგივით უბრუნდება ადამიანს. ბოლო წლებში, აღმოაჩინეს წამლები, რომლებსაც აქვს საათების განმავლობაში დეპრესიის მოხსნის შესაძლებლობა, მაგრამ ეს წამლები ჯერ კიდევ ცდებს გადიან. რეალურად, სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ფარმაცევტულ ბაზარზე, 2-3 კვირა უნდათ იმისთვის, სანამ თავის თავს გამოავლენენ. ისე კი 6-8 კვირა სჭირდება ექიმს წამლის ეფექტიანობის დასადგენად. პაციენტის თვალით თუ შევხედავთ, მას არ უნდა დაელოდოს ამდენი ხანი და ფიქრობს, რომ ფუჭად ღებულობს. ამიტომ იღებს ისეთ საშუალებებს, რომლებიც სწრაფად მოქმედებს. ანქსიოლიტიკი ნიშნავს შფოთვის მოსახსნელ საშუალებას, მაგრამ ეს არ არის შფოთვის სამკურნალო ძირითადი საშუალება. თუ ადამიანმა მიიღო ეფექტური ტრანკვილიზერები, რომლებიც შფოთვას ნახევარ საათში ხსნიან და ხშირად იღებს ამას, ის შეიძლება საკუთარი თავისთვის ბოროტი მომხმარებელი გახდეს… ასეთი პრეპარატი გარკვეული კრიზისული დღეებისთვის უნდა შეინახოს ადამიანმა, ისე კი უნდა მიიღოს ექიმის მიერ დანიშნული ანტიდეპრესანტი.

არის თუ არა შფოთვითი აშლილობა გენეტიკური, თუ ის  დამოკიდებულია გარემო პირობებზე?

როგორც ნებისმიერი ავადმყოფობის შემთხევვაში, აქაც არის შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ერთობლიობა. ზოგიერთი ავადმყოფობის დროს შინაგანი ფაქტორი სჭარბობს, ზოგიერთში კი გარეგანი. შინაგან ფაქტორებში შეგვიძლია განვიხილოთ მემკვიდრული ფაქტორი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხის მიმართ. ხშირად არასწორად მოვიხსენიებთ მემკვიდრულ განწყობას. ერთი და იგივე განათებისა და ტენიანობის პირობებში, მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევენ, ერთი რამ უხარიათ ოჯახის წევრებს, ანუ ერთ გარემოში არიან, ამიტომ არ არის გასაკვირი ერთი ავადმყოფობა დაემართოთ. მაგრამ, თუ გარკვეული ფსიქიკური პრობლემა აქვს რომელიმე მშობელს და მშობლებს შორის არის მუდმივი კონფლიქტი, რომც არ ჰქონდეს ბავშვს გენში, აღზრდასა და ბავშვობის პერიოდში გონებაში ებეჭდება ეს. სად იწყება ცხოვრების წესი და სად გენეტიკა, აქაც ბევრი დაფიქრება გვმართებს. თითო პაციენტთან საუბარი თითო ისტორიაა.

რატომ ახლავს სტრესს ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიცაა გულის აჩქარება, სისუსტე, დაღლა, ოფლიანობა, თავის ტკივილი და ა.შ

რეალურად ეს არის მოდელირება ადამიანის ფუნქციური უნარის. რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა მათგანი საჭიროა. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ამა თუ იმ ორგანოს მდგომარეობა, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციას ესადაგება. როდესაც ადამიანს სძინავს, ის მოდუნებულია, პულსი ნელია, შესაძლოა წნევა დაბალი იყოს და ეს სწორია. მაგრამ, როდესაც ქუჩაში სურს ავტობუსს მიუსწროს, ამ დროს გულიც უნდა აჩქარდეს, კუნთებში ძალაც უნდა მიეცეს. ამ მდგომარეობას ბრძოლა ან სრბოლა ეწოდება. როდესაც ეს უადგილოა და მოსვენებულ მდგომარეობაში ხშირდება გულის ცემა და ეს შემაწუხებელია, კი ბატონო, ექიმი საჭიროა. ზოგადად გამოკვლევები სჭირდება ექიმს, რომ დიაგნოზი დასვას. მაგალითად, თავის ტკივილის დროს, 98%-ში თავის ტვინის გადაღება ნორმალურ მონაცემებს აჩვვენებს. თუკი ამ კვლევის გადაღება ხდება პირველადი ჯანდაცვის რომელიმე დაწესებულებაში, ათასიდან მხოლოდ ორს შეიძლება ჰქონდეს ცვლილება. დანარჩენი გეკითხება, აბა, რატომ სტკივა მაშინ თავი. მიაჩნიათ, რომ ექიმის აზრზე მეტი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრამას. განა ყველაფერი რაც ძვირი ღირს აუცილებელია? განა რაც უფრო ძვირია წამალი უფრო კარგია? – ასე არ არის. წამლების მიმართ გარკვეული გემოვნებაც ჩამოყალიბდა. ერთი თავისებურება რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ქართველი ვერ აღიარებს ნერვოზს და ადამიანს არც რძალი უნდა ნერვოზიანი და არც საკუთარი თავი. კიდევ ერთი დამახასიათებელი რამ არის – კარგი, მაქვს ნერვოზი, მაგრამ რატომ უნდა მივიდე ექიმთან? მესამე თავისებურებაა ის, რატომ არ დავნიშნე წამალი? მეოთხე კი ის არის, რომ წამალს არ უნდა ჰქონდეს გვერდითი მოვლენა. მიმდინარეობს ტრფობა ე.წ. მცენარეული, არაფრის მომცემი წამლების მიმართ, ჟანგბადის წვეთების, ვიტამინების, მეტაბოლიტების მიმართ და ა.შ. როდესაც ნამდვილ წამალს დაუნიშნავ, სწორედ იმას არ სვამს ადამიანი. არ მიყვარს გამოთქმა, კი არაფერია, მაგრამ მოდი, მაინც დალიე ეს… მე ამას ჩემი კოლეგების საამებლად არ ვამბობ. ვერ ნახულობენ ვერაფერს, მაგრამ წამალს, რომელიც ასეულობით ლარი ღირს, მხოლოდ იმიტომ ნიშნავენ, რომ პაციენტს აამონ. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ქიმიურად არის დამუშავებული, მცენარეულიც წამალიც კი.

თუ არ მიყვები ექიმის დანიშნულებას, კარგავ რწმენას… ავადმყოფობასთან ზავდადებული პაციენტის მორჩენა ძალიან რთულია. დროულად დაწყებული მკურნალობა აუცილებელია.

როდესაც ეუბნები ადამიანს, რომ ჯანსაღად იცხოვროს, ეღიმება. მე არ ვამბობ, ცეკვაზე იაროს, სახლში ჩართე მუსიკა და იცეკვე… თუ ოჯახის ერთი წევრი ცუდ ხასიათზეა, ეს ხომ ყველას გადაედება. თუ საზოგადოება თანაგრძნობით მიიღებს სხვის ტკივილს, ავადმყოფობებიც ნაკლები იქნება და წამლებიც ნაკლები დაგვჭირდება. ზედმეტი ცნობისმოყვარეობაც დამღუპველია. ანტიდეპრესანტით თავის ტკივილს ვარჩენთ, შაკიკის სამკურნალოდ კი გამოიყენება წნევის წამალი, გულის წამალი, ანტიდეპრესანტი და ეპილეფსიის პრეპარატი. შაკიკის საპრევენციო პრეპარატი არ გამოუგონიათ. შენ, რატომ აძლევ მეზობელო შენს თავს უფლებას და რატომ ეუბნები პაციენტს რომ ეს ძლიერი წამალია. აბა რა უნდა მიიღოს, ჟანგბადის წვეთები? რომელიც მხოლოდ ბიზნესმენის ჯიბეს ასქელებს? ხანდახან ჩემი კოლეგის დანიშნულებას ვნახულობ, ორი გვერდია სავსე, მრცხვენია. ელემენტალურად წამლები კუჭში ჩხუბობენ, უნდა დაინიშნოს პრიორიტეტული წამალი. როგორც ქართული სუფრაა გადატვირთული, კუჭებიც ასევეა წამლებით გადატვირთული.

თუკი შფოთვით აშლილობას, თვეობით სჭირდება მკურნალობა, ეს არ ნიშნავს, რომ ექიმმა წამლებზე შეგსვა. ბედნიერების მოპოვებას დრო სჭირდება, რადგან დაავადება ხანგრძლივია. ჯანსაღი ცხოვრების წესით ავადმყოფობის დამარცხებაც კი შეიძლება, ეს უნივერსალური რეკომენდაციაა.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1903583026333184/

 

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები