„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კინკლაობაში დავიწყებულია ყველაზე მთავარი ადამიანი, ხალხი, რომელიც ღატაკდება, საქმეზე არავინ საუბრობს.
ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.
„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც საქართველოს გამოეყო დამატებითი ვაქცინები. თუმცა სიტუაცია არის საკმაოდ დრამატული ჩვენ მხარეს, რადგან არის სავალალო მენეჯმენტი ვაქცინაციის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო გაიწელება მდგომარეობა, უფრო გვიან გაიხსნება ეკონომიკა.
შესაბამისად, სწორედ ის მენეჯმენტია უსუსური, რომლის პირველი პირი თქვენ მიერ იქნა შერაცხული როგორც ყველაზე ძლიერ კრიზისმენეჯერად.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი არაფორმალური თავმჯდომარის შეფასება ბატონი გახარიას მიმართ, რომ იგი არის მოღალატე. მინდა კითხვა დავსვა, პარლამენტში შემოსულია 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. მე არ ვერევი თქვენ შიდაპარტიულ გარჩევებში, შეგიძლიათ, ეპითეტებით მიმართოთ თქვენს ყოფილ ან მომავალ თანამდებობის პირებს, მაგრამ როგორ პასუხისმგებლობას იღებ იმ ბიუჯეტზე, რომელიც პრაქტიკულად ჩავარდნილია და ყველა პარამეტრით გასულია ნორმებიდან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიაზე მოღალატეობრივი შეფასება უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როცა მან ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი, ანაკლია ჩააგდო.
„მე ამას არ ვლაპარაკობ პოლიტიკური განცხადების გამო, მე ამას ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის მიმართ. ორი წელი გავა მალე, რაც თქვენმა ხელისუფლებამ გახარიას, რამოდენიმე მინისტრის და დეპუტატის ხელმძღვანელობით, რომელიც დღეს და საშუალებას არ უშვებდა, რომ მედიაში არ გამოსულიყო და არ დაერტყა ჩვენი ინვესტორებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, კითხვა ისმევა, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ჩავარდნილ პროექტთან დაკავშირებით“. – აღნიშნა ხაზარაძემ.
მისი თქმით, გაუგებარია, რომ უკვე ერთი თვეა, პარლამენტშია შესული და არავის უკითხავს, რატომ გაჩერდა ანაკლიის პროექტი.
„ახლა რაც შეეხება კოლეგიალური თვალსაზრისით, ერთი თვეა პარლამენტში ვარ მოსული და არც ერთ თქვენგანს, იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობ, კითხვაც კი არ დაგისვამთ, რეალურად რა მოხდა, რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი, იქნებ მოგესმინათ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე რომ გარკვეულიყავით რეალურად რა მოხდა. მერე შეიძლება დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ, ეს არის პრობლემა.
ნატო-სთან მიმართებით ინიციატივას, რომლითაც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივა, ეს არ არის თქვენი, „ოცნების“ ან ოპოზიციის, ეს არის ქვეყნის სტრატეგიულად მუდმივი ინტერესი. დავინახე, რომ „ქართულ ოცნებას“ გეგმა არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის.
მე შემოვდივარ წინადადებით, რომ პარლამენტში შეიქმნას პროფესიონალების ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ამ ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. შესაბამისად, ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკის თავდასხმის გარეშე გვექნება ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც დაეთანხმება ყველა, რადგან ამ კინკლაობაში დავიწყებულია ყველაზე მთავარი ადამიანი, ხალხი, რომელიც ღატაკდება. საქმეზე არავინ საუბრობს, მოგიწოდებთ ასეთი კომისია შეიქმნას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.