რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია იუმორისტი, ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან…
ყველაფერი იწყება ქუთაისიდან და არც მთავრდება… ყველაფერი ქუთაისთან არის დაკავშირებული. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, პროფესიით ტექნიკოს-ელექტრიკოსი ვარ. სამი წელი რუსთავის სოფლებში, ინკასატორად ვმუშაობდი, დავაფასე ამ ადამიანების ფასი. რეალურად მინდოდა. თეატრალურზე ჩამებარებინა, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო ვერ ჩავაბარე. ბავშვობიდან ოცნება მქონდა, ტელევიზორში გამოვჩენილიყავი. ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი მარცხი მქონია, როგორც პირადში და მეგობრულში, ასევე ჩემს საქმიანობაში.
ვინ გიჭერდა მხარს?
ბებია წამომყვა ქუთაისიდან. ირგვლივ არავინ მყავდა, მხოლოდ აქ შეძენილი მეგობრები, 7, 8 ადამიანი, ვინც სტუდენტობიდან მოვდივართ. ჩვენ გამოვიარეთ ბევრი რამ და დღემდე ერთად ვართ. ერთი პერიოდი ვიყავი „რუსთავი 2“ – ზე ანეკდოტებში, მაგრამ ყველგან ცოტა ხნით ვრჩებოდი. დაუღალავი შრომის შემდეგ, ზვიომ ამიყვანა რადიოში. 5 თვე ვკითხულობდი ანეკდოტებს. შემდეგ გაიხსნა ინტერნეტტელევიზია, „პოს ტივი“.
როგორი გრძნობაა, როცა მიგყავს იუმორისტული შოუ, ეს ხომ მარტივი არ არის, თანაც ამ სფეროში დიდი კონკურენციაა…
უკვე 6 წელია. ღამის შოუ მიმყავს. როცა ზვიომ და შალვამ ღამის შოუს გაკეთება გადაწყვიტეს, თქვეს, მოდი. გიორგი გაბუნია იყოს წამყვანიო. ძალიან ვნერვიულობდი, დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. სახლში კი გაუხარდათ, მაგრამ მე იმ ღამეს არ მძინებია. პირველი სტუმარი იყო კახი კალაძე, მაშინ უკვე მერი გახლდათ. მილანის ლეგენდა… ძალიან დავიძაბე, რა უნდა მექნა არ ვიცოდი. ის ჩემთვის პირველი რესპონდენტი იყო. სცენარს ვეღარ ვკითხულობდი, ასოებს ვერ ვხედავდი, თვალები მიჭრელდებოდა. პირველი ხუმრობის შემდეგ, მივხვდი, რომ შედგა ყველაფერი და თავი მასპინძლად ვიგრძენი. კომენტარებში წარმატებებს მისურვებდნენ, იმ მომენტში ხალხის აზრზე განსაკუთრებულად ვიყავი დამოკიდებული. შემდეგ ცოტა მომეშვა და გავთამამდი. ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ხდება ხოლმე იმპროვიზაცია და სტუმრებმა არაფერი იციან. ზოგი ითხოვს, იცოდეს, თუ რაზე იქნება საუბარი. ზოგი ამბობს, რომ კონკრეტულ თემაზე არ სურს საუბარი…
გიორგი, ზოგჯერ საზოგადოებამდე ინფორმაცია არასწორად მიდის ხოლმე…
დიახ, ასეა, აი მაგალითად როცა ჟღერდება ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიამ მიიღო 12 ათასი ლარი, იქ არ არის განმარტებული, მის უკან რამდენი ადამიანი დგას, ზოგჯერ ადამიანზე 700-1000 ლარი გამოდის. მადლობა, რომ არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები.
ახლა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ გვესაუბრე…
ძალიან რთული სამი თვე იყო. იმ პერიოდში არ გყავს არავინ, მხოლოდ მეწყვილე, რომელთან ერთადაც 24/7-ზე ვარჯიშობ. ძალიან რთული პროექტია, თუმცა არ ვნანობ, ეს გამოწვევა იყო. ბაბი ჩემზე მაგარი გამოდგა. მას კონცერტებიც ჰქონდა ხოლმე და მაინც ყველაფერს ასწრებდა. მე კი დავიღალე და გავნადგურდი.
მცირე ხნის წინ მამა გახდი, მინდა მოგილოცო, იქნებ გვიამბო, როგორ დაიწყო შენი სიყვარულის ისტორია…
მუდამ მიხარია ამ თემაზე საუბარი. ეს საკითხიც ქუთაისთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, 10-12 წელი არ მყავდა ნანახი, თბილისში შევხვდით. პირველი სიმპათიები გაჩნდა მაშინ, შემდეგ დავიწყე აქტიურობა, როგორც ხდება ხოლმე. ძალიან ბედნიერი ვარ, ის საოცარი ადამიანია, გვერდში მიდგას. ჯვრისწერა ქუთაისში იყო. შემდეგ შვილი შეგვეძინა. ეს საოცრებაა. ერთი სული მაქვს ხოლმე, სახლში როცა მივალ, იქ ჩემი ნაწილი მხვდება…