გიორგი ძოწენიძე ჯგუფ „ურსას“ სოლისტია. „ურსა“ წლებია, ინარჩუნებს და იმყარებს მოპოვებულ პოპულარობას. ახლა ჯგუფის წევრები ახალ სიმღერებზე მუშაობენ. ერთ-ერთის პრემიერა მალე გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში“ შედგება. გიორგი ძოწენიძესთან ინტერვიუ სწორედ „რუსთავი 2“-ში ჩავწერეთ.
წლებია, ურსა ძალიან პოპულარულია. როგორ ინარჩუნებთ ხალხის სიყვარულს?
დიდი მადლობა ამის აღნიშვნისთვის, პირველ რიგში, ვცდილობთ მსმენელისადმი გულწრფელობა შევინარჩუნოთ, რაც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. მუსიკა არ არის სპორტი, ის თავიდან ბოლომდე გულწრფელობა და შენი ემოციის გამოხატვაა. რაც უფრო გულწრფელად გამოხატავ ემოციას, მით უფრო კარგად გიღებს მსმენელი. ჩვენს მსმენელს კარგად ვიცნობთ. ათი წელია, ვმოღვაწეობთ სცენაზე. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომ სახეებზეც კი ვცნობთ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვისმენს.
სანამ ქართველ მსმენელს ასე კარგად გაიცნობდით, რა გზა გაიარეთ?
სიმართლე გითხრათ, იყო ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა ბევრი ადამიანი გვაკრიტიკებდა. გვეუბნებოდნენ, რომ ამა თუ იმ სიმღერას არ უნდა შევხებოდით. ჩვენ მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ეს ეტაპი ძალიან რთულად გადავიტანეთ, თუმცა მადლობა ღმერთს, ბევრი ადამიანი გვიჭერდა მხარს. ჩვენი და მათი მონდომებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ისინიც კი, ვინც კრიტიკულად უყურებდა ამ მიმართულებას, აღიარებენ მას და მოსწონთ. თუმცა დღეს, როცა კრიტიკა ნაკლებია, შეიძლება ითქვას, მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ისე კარგად არ არის ყველაფერი, როგორც ჩანს, რადგან კრიტიკა შენელდა. თუ არ გაკრიტიკებენ, ადამიანი აუცილებლად მოდუნდები.
ჩვენ რომ ვიწყებდით, ქართული ფოლკი საერთოდ არ იყო პოპულარული. ჩვენ ეს მოგვწონდა და გვინდოდა. მაშინ გვეუბნებოდნენ, სხვა მიმართულება აიღეთო, მაგრამ მაშინდელ არჩევანს არ ვნანობ.
რასაც „ურსა“ აკეთებს, ბევრი ადამიანი დაადგა ამ გზას…
ჯგუფი „შინი“ იყო პირველი, ვინც ეს დაიწყო. ვცდილობ, ზოგადად, საკუთარი თავით ტკბობაში არ წავიდეთ. ალბათ, რაღაც წვლილი ჩვენც გვაქვს, ახალგაზრდებს მოვწონვართ და ეს ყველაზე მეტად გვახარებს.
ოჯახზე მინდა გკითხო – შენი პატარა მღერის?
წლინახევრისაა. რომ ვთქვა, მღერისო, სისულელე იქნება, თუმცა ჩემებმა მითხრეს, ორი წლის უკვე მღეროდიო. ანიტაც სმენით ჰყვება ყველა სიმღერას. ბგერები, რასაც გამოთქვამს, მახვედრებს, რომ სმენა აქვს. გული დამწყდებოდა, რომ არ მღეროდეს.
გინდა, რომ მომღერალი იყოს?
ძალიან ძნელი გზა გავიარე და მასაც ასე მოუწევს, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ მომღერლობას აირჩევს, რადგან ბედნიერი იქნება. ბედნიერებაა ხალხის სიყვარული, ჩემი აზრით. მე რაც ვიცი და მინახავს, ეს არის ხალხის სიყვარული და ოჯახი, რაც მაბედნიერებს. მეუღლე ხშირად მეუბნება, ანიტას იმდენად ხშირად არ უმღერიო, მაგრამ ზედმეტად არ მინდა, თავს მოვახვიო. რაიმე სხვა ინტერესი თუ ექნება, ის აირჩიოს.
მეუღლე განებივრებულია შენი სიმღერით სახლში?
„იები“რუსა მორჩილაძის სიმღერაა, რომელსაც ნინო ქათამაძე ასრულებს – ერთ-ერთ პროექტში ვმღეროდი. ჩემს მეუღლეს ეს სიმღერა მოსწონს განსაკუთრებით და ხშირად მიწევს ხოლმე მისთვის შესრულება.
შენი მეორე ნახევარი სიმღერით მოხიბლე?
არ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ამით მოიხიბლა, თითქოს კოზირია. ჩემი აზრით, უფრო მეტად ადამიანობით და სხვა თვისებებით მოიხიბლა (იღიმის).
„ღამის პრაიმ ტაიმში“ სიმღერის პრემიერა გაქვთ. რა გეგმები აქვს კიდევ „ურსას“?
ახლა კარგი დროა, რომ სიახლეები მოამზადო, მერე კონცერტები იწყება ხოლმე. ვქმნით ახალ-ახალ რაღაცებს, დუეტებსაც ვგეგმავთ. იდეები არის, მაგრამ თავის მობმას დიდი ძალისხმევა სჭირდება. იმედია, ყველაფერი გამოვა და ჩვენს მსმენელს შევთავაზებთ.
ინტერიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი