LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე: ,,მხოლოდ ქართულში” მონაწილეობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო”

ჩვენი ინტერვიუც სიმღერით დაიწყო. „რა არის ნათელი, რასაც ახლავს ბნელი“, გიორგი ძოწენიძემ ცნობილი სიმღერიდან ეს ფრაზა წაიღიღინა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა. „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი ფინალისტი ის ადამიანია, ვისაც სიმღერა ლაპარაკზე მეტად უყვარს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ინტერვიუს დროს ცოტა ილაპარაკა.

ჯგუფ „ურსას“ სოლისტია 10 წელი. პროექტში მოსვლაზე დიდხანს იფიქრა იმიტომ, რომ არ უნდოდა, უკვე შექმნილ იმიჯს საფრთხე შექმნოდა, მაგრამ „მხოლოდ ქართულმა“ პოზიტიური გამოხმაურებები მოუტანა და მისგან კიდევ ბევრ საინტერესოს ელოდება მომავალში.

ფინალის წინ „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტს, გიორგი ძოწენიძეს ვესაუბრეთ.

გიორგი ძოწენიძე:

რეალურად ეს არის სფერო, რომლითაც არ ვიღლები.

ანუ ხარ ადამიანი, რომელიც სიმღერით არასდროს იღლება.

ასეც შეიძლება ითქვას.

გარდა ამისა, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?

თურმე ძალიან ზარმაცი ვყოფილვარ და ამ პროექტში მივხვდი ამას. ადრე დაგვიანება  არ მიყვარდა და რეპეტიციაზე სულ ვაგვიანებ. შეიძლება, ძილი მაკლია, ან ზარმაცი ვარ, არ ვიცი…

ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელსაც შენი რეპეტიციაზე დაგვიანება ძალიან არ მოეწონება…

კი, მეც ვიცნობ, მარინა ბერიძე (იცინის). და არა მხოლოდ მას, სხვებსაც არ მოსწონთ და ბრაზდებიან ამის გამო. რეპეტიციაზე თუ დააგვიანებ, მიზეზს არ აქვს მნიშვნელობა. რეპეტიციის მერე მარინა ამბობს ხოლმე, ხვალ ვინც დააგვიანებს, გავჩეჩავ, თავს ვარტყმევინებ… მეორე დღესაც ვაგვიანებ ხოლმე, მაგრამ მშვიდობით მთავრდება.

ფინალი მოახლოვდა და ხომ არ ნერვიულობ?

სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან უფრო ვნერვიულობდი, რადგან უცხო ხილი იყო ჩემთვის კონკურსზე გამოსვლა. მესამე ტურის შემდეგ ნაკლებად ვნერვულობ. როცა „მხოლოდ ქართული“ იწყება ხოლმე, მაგ დროს ფორიაქია სისხლში. ნერვიულობაზე უფრო მეტად პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თავიდან, როცა პროექტში მოვედი, ვიცოდი, რომ ბევრი კარგი რამ იქნებოდა პროექტიდან, ბევრიც შეიძლებოდა, მქონოდა დასაკარგი. რეალურად, ძალიან ბევრი პოზიტივი მივიღე. ამ ტურების განმავლობაში სიამოვნებას ვიღებდი, ახლა კი პასუხისმგებლობა გამეზარდა, რადგან ვკითხულობ ჩემი გულშემატკივრების კომენტარებს, ისინი იბრძვიან ჩემი გამარჯვებისთვის და ამან ჟინი მეც შემმატა. არასდროს მომწონდა კონკურსის იდეა, რომ ვიღაცას სიმღერაში უნდა შევეჯიბრო, მაგრამ ახლა ჩემ უკან ბევრი ადამიანია და მეც მათ ვუერთდები. მეც სულითა და გულით ვიბრძვი მოგებისთვის. სხვანაირად ვერც ვიზამ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები არ გავაწბილო.

რა კარი გაიღო შენთვის „მხოლოდ ქართულით“ და რა სამყაროში მოხვდი, რადგან ამ სფეროში ციდან არ ჩამოვარდნილხარ, აქამდეც მღეროდი სცენაზე.

იმდენად რეიტინგული პროექტია, დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ გამოწვევას შემოიტანს. არის კიდევაც, მაგრამ ჯერ არ მინდა ვთქვა, დაზუსტებით ჯერ არ ვიცი, რა როგორ იქნება, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა ჯერ კიდევ პროექტის მიმდინარეობისას. არავის არაფრისთვის გვცალია „მხოლოდ ქართულის“ გარდა, მაგრამ უკვე ჩანს ბევრი რამ.

ჯგუფ „ურსას“ წევრი ვარ, რომელსაც ათწლიანი ისტორია აქვს. ძალიან ღირსეულად დგას საკუთარ ადგილზე. პროექტში მოსვლაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან ვერ ვიტყოდი, დასაკარგი არაფერი მაქვს და მივალ-მეთქი. როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ შენ ხარ მომღერალი, უყვარხარ და პატივს გცემს, შენზე დგას შენი ჯგუფის იმიჯი. შესაბამისად, ჩემი გამოსვლა ამ პროექტში რისკი იყო, მარტო არასდროს გამოვსულვარ და უკავშირდებოდა დიდ პასუხისმგებლობას. ჩემი სიმღერით თამასას თუ დავწევდი, ეს ჩემს კარიერაზე არცთუ კარგად აისახებოდა. ამის საპირწონედ ვფიქრობდი, რომ სიმღერა ისაა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი აზრით, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, მისთვის ღირს გარისკვა. მთელი ცხოვრება შეძლებისდაგვარად ვემსახურები ქართული მუსიკის პოპულარიზაციას. ეს პროექტი ზუსტად ამას აკეთებს. რადგან მქონდა საშუალება, ამ პროექტსი გამოსვულიყავი, ჩემს თავს ამაზე უარს ვერ ვეტყოდი. პატარა წვლილი კიდევ შევიტანე იმაში, რომ ქართულ მუსიკას ხალხმა ყოველდღიურად უსმინონ. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი იდეაა. მით უმეტეს, როცა ასეთ მასშტაბურ პროექტში გამოდიხარ, ამას ვერ დავკარგავდი.

რასაკვირველია, ვიცოდი, რომ ბევრ რამეს ვისწავლიდი, განვვითარდებოდა და ბევრ საინტერესო მუსიკოსს შევხვდებოდი. ასეც მოხდა.

უფრო მეტად ხომ არ გიჩქარდება გულისცემა, როდესაც ჟიურის წევრების შეფასებების დრო დგება?

ჟიურის წევრების აზრს დიდ პატივს ვცემ, თუმცა მათ მოსაზრებებზე არანაკლები, შეიძლება მეტი მნიშვნელობაც აქვს ხალხის შეფასებას. თუკი შეცდომას დაუშვებ, ის მსმენელი, რომელიც გაფასებს, როგორც მომღერალს, სხვანაირად იფიქრებს შენზე და ყველაზე გამოსვლაზე თანაბრად უნდა იფიქრო. ჩემი აზრით, ჟიური დიდ როლს თამაშობს ობიექტური სურათის შექმნაში. შესაძლოა, მაყურებელი სუბიექტური იყოს ნებისმიერი მიზეზით, ჟიური კი იმისთვისაა, რომ თქვას, რა შეცდომა დაუშვი და რა გააკეთე კარგად. მაყურებელმა კი, რომელიც არაა გამოცდილი ამ სფეროში, მათ დაუჯეროს, რადგან ობიექტურები არიან.

დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან „მხოლოდ ქართულში“ გამოსვლა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე საინტერესოდ განვითარდებოდა ჩემი აქ მონაწილეობა. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ.

ფინალში კონკურენტების გეშინია?

არა, არანაირად და არ ვფიქრობ, რომ ერთმანეთის უნდა გვეშინოდეს. ყველას აქვს თავისი მიმართულება. დარჩენილი ოთხი კონკურსანტიდან ყველას ჰყავს თავისი გულშემატკივარი. მე და ალბათ, სხვა კონკურსანტებიც მობილიზებულები ვართ, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ საკუთარი თავი და გამოვავლინოთ ემოცია და მუხტი, რასაც სიმღერები მოითხოვს. გარდა იმისა, რომ დიდი ბრძოლის ჟინი მაქვს და მნიშვნელოვანია გამარჯვება, პირველ რიგში, ჩემი გულშემატკივრებისთვის, აუცილებლად კარგად უნდა შევასრულო ორივე სიმღერა.

ვის უმღერი ხოლმე სცენიდან?

კონკრეტულად ერთ ადამიანს არა. შესაძლოა, სცენაზე ყოფნის დროს დავინახო ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს ჩემი სიმღერა და შემიძლია, თავიდან ბოლომდე მთელი სიმღერა მას მივუძღვნა, რადგან მას ჩემი ესმის. თუ ასეთი უფრო მეტი ადამიანია, კიდევ უფრო მეტი ემოცია მოდის. მე ვმღერი ადამიანებისთვის, ვისაც ჩემი შესრულება სიამოვნებს.

სინამდვილეში, შემოვლითი კითხვა იყო, ხარ თუ არა შეყვარებული…

არ ვიცი, ვის შეიძლება აინტერესებდეს ჩემი პირადი ცხოვრება, ვფიქრობ, ჩემი აზრი უფრო საინტერესოა მუსიკის შესახებ… არ ვარ ადამიანი, რომელიც დამალავს, თუ შეყვარებული იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს.

სიმღერის გარდა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

პაირისა და მარკეტინგის კომპანიაში ვმუშაობ. საზოგადოებასთან ურთიერთობა ყველგან მნიშვნელოვანია. ჩვენთანაც, „მხოლოდ ქართულში“ საზოგადოებისთვის ქმნიან და მღერიან.

სამსახურს მიღმა ჩემი ინტერესების სფერო შემოიფარგლება ჩემს მეგობრებთან ურთიერთობით. სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, ცოტა დრო მაქვს. თუკი დრო მაქვს, მეგობრებთან ერთად ვარ ან სახლში მარტო ვუყურებ ფილმს, ვკითხულობ ან ტელეფონზე ვთამაშობ. მიყვარს ბილიარდი და ბავშვობაში ძალიან მაგრად ვთამაშობდი. ასევე ბოულინგსაც ვთამაშობ.

ამ ბოლო ტურში აღმოვაჩინეთ, რომ ცეკვის ნიჭიც გაქვს.

ეგ არ ვიცი… სხვათა შორის, ქართულ ცეკვაზე დავდიოდი 12 წელი. ჩვენი ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე მეუბნებოდა, მიხარია, რომ ცეკვაზე დადიოდიო. მერე ნახა, ტანგოს როგორ ვცეკვავდი და აღარ უთქვამს არაფერი (იცინის), თუმცა ქართულ ცეკვას კარგად ვასრულებ. დიდი ძალისხმევა კი სჭირდება, მერე შეიძლება, ერთი დღე ვეღარ იარო.

პროექტს დავუბრუნდეთ. ჟიურის წევრებიც ხშირად ამბობენ ხოლმე, ბევრი გვინახავს გამარჯვებული, რომელსაც მერე არაფერი გაუკეთებიაო. პროექტი რომ დასრულდება, მერე რას აპირებ?

ვიცი, რომ ჩემი კარიერა ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

ველოდებოდი პასუხს, რომ პირველი, რასაც გააკეთებ, კარგად გამოიძინებ.

დიდი სიამოვნებით (იღიმის). ყველა გამოუძინებელია, მაგრამ ჩვენ სულ ფხიზლად ვართ ჩვენი მსმენელის სადარაჯოზე.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ნინო მურღულია