გიორგი ჩოგოვაძე მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ არ ჰგონია, “სწორი იყოს საქართველოში ტურიზმის განვითარების წარმატების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან, მით უმეტეს, როდესაც „ჯემ ფესტის“ პროექტს თავისი პასუხისმგებელი პირები ჰყავს”.
„ჯემ ფესტის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. როდესაც მოხდება სწორედ ამ ადამიანების მიერ ამის გაანალიზება და შეფასება, შემდეგ გაკეთდება ოფიციალური კომენტარები,“ – განაცხადა ჩოგოვაძემ.
გიორგი ჩოგოვაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია მასსა და ეკონიმიკის მინისტრს შორის არსებულ შიდა დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, რომლის გუნდსაც ის თავად წარმოადგენს და მომავალში ერთობლივად გუნდთან ერთად საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის დიდ საქმეებს გააკეთებენ.